საქართველომ რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა
საქართველო იმ 92 ქვეყანას შორის არის, ვინც 7 აპრილს რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას დაუჭირა მხარი.
დოკუმენტმა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 2/3-იანი უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, მათი გამოკლებით, ვინც თავი შეიკავა.
იმ 58 ქვეყანას შორის, ვინც თავი შეიკავა სხვებთან ერთად ასევე იყვნენ ინდოეთი, პაკისტანი, ბრაზილია და მექსიკა.
რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სირია და ვიეტნამი იმ 24 ქვეყანას შორის იყვნენ, რომელთაც ხმა წინააღმდეგ მისცეს. აზერბაიჯანმა და სომხეთმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
კენჭისყრა უკრაინის დედაქალაქის, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედროების გაყვანის შემდეგ დაფიქსირებულ სასტიკ დანაშაულებს მოჰყვა.
რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საპასუხოდ, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენადი კუზმინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება ისედაც მიღებული ჰქონდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)