მზარდი ეკონომიკური წუხილების ფონზე, სოხუმმა ახალი ღონისძიებები გააჟღერა
მზარდი ეკონომიკური წუხილების ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ახალი ღონისძიებები გააჟღერა მას შემდეგ, რაც რეგიონის მთავარი იმპორტიორი, რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა სერიოზულად აზარალა.
კერძოდ, ფასების შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის „მთავრობამ“ ძირითადი საკვები პროდუქტების სია მოამზადა და მათზე სავაჭრო ნამატის მაქსიმალური ზღვარი დააწესა.
ამ სიაში შედის ზეთი, კარაქი, რძე, კვერცხი, შაქარი, მარილი, შავი ჩაი, ბრინჯი, წიწიბურა, ფქვილი, ბურღული, ლობიო, ვერმიშელი და ბავშვთა კვება.
დანამატის ზღვრული ოდენობა საქონლის საბითუმო რეალიზაციის დროს განისაზღრა მისი საბაჟო ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო საცალო ქსელში – არა უმეტეს მისი საბითუმო ღირებულების 12%-ისა.
ასევე, 1 ივლისამდე იმპორტის ტარიფები მოიხსნა იმ პროდუქტებისთვის, რომელთა ანალოგიც აფხაზეთში არ იწარმოება.
ეს პროდუქტებია: კვერცხი, ჩაი, სიმინდი, ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული, ასევე მზესუმზირის ზეთი, შაქარი, სულფატები, სხვადასხვა სასუქები, სადეზინფექციო საშუალებები, ბამბა, რიგი წამლები და ფარმაცეფტული საშუალებები.
ახალ ღონისძიებებზე საუბრისას, ოკუპირებული რეგიონის „ეკონომიკის მინისტრმა“, კრისტინა ოზგანმა განაცხადა:
„საკვებსა და სხვა საქონელზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში და უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების გამო ეკონომიკური პირობების ცვლილებებითაა განპირობებული, მთავრობამ რიგი გადაწყვეტილებები მიიღო“.
მანვე დასძინა დასძინა, რომ საქონლის პრაქტიკულად მთლიანი მოცულობა იმპორტირებულია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)