„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 მარტს, ზუგდიდში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორ ზვიად აბლოთიაზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისთვის 2 პირი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულებიდან ერთი პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, მეორე კი – მისი „თანამზრახველია“.
„ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“, – განაცხადეს სამსახურში.
დაკავებულებს გამოძიება პროფესიული ნიშნით დევნას (156-ე, მე-2-ის „ა“) და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას (154-ე, I) ედავება.
მათ სასჯელის მაქსიმალურ ზომად 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შემთხვევა ქალაქ ზუგდიდში კონსერვატიული პარტიის ოფისთან მოხდა. მაშინ ემა გოგოხია ყვებოდა, რომ მის ოპერატორს დაახლოებით 8 ადამიანმა „უმოწყალოდ სცემა“ და აპარატურა დაუმტვრია. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკურად მასზეც იძალადეს.
მაშინ გოგოხიამ თქვამ, რომ მათზე ძალადობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები „შორიდან უყურებდნენ“ და საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც მოქალაქეები მათ „შველას შეეცადნენ“.
„მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა „მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს” შედეგად და „ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით“ წახალისებულ ქმედებად შეაფასა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
- ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)