საქართველო იხსენებს 9 აპრილის გმირებს
საქართველო დღეს იხსენებს 33 წლის წინ საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს.
1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტი-საბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.
დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილის დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს, თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან იმავე იდეებისთვის, იმავე იდეალისთვის, იმავე თავისუფლებისათვის, იმავე დამოუკიდებლობისათვის“, – განუცხადა 9 მემორიალთან მისულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
„ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 9 აპრილი 1991 წლის. ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმისი იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისათვის. და ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით“, – თქვა მან.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, სავარაუდოდ მთავრობის გასაგონად, უკრაინისადმი სოლიდარობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ნებისიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი… ვიყოთ სოლიდარული [უკრაინისადმი], ვიყოთ ჩვენი წარსულის და ტრადიციების ღირსი…“
9 აპრილის მემორიალთან კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. 9 აპრილის მნიშვნელობაზე მან ღამით Facebook-ზე გამოქვეყნებულ მცირე წერილში ისაუბრა:
„ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა“.
„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას“, – ნათქვამია პრემიერის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
9 აპრილს საბჭოთა რეჟიმს შეწირულებს პატივი მიაგეს ოპოზიციის ლიდერებმაც.
„ჩვენ გვახსოვს ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავი გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის. მაგრამ აქვე მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვინც ფიქრობს, რომ თავისუფლებას მონობაში მშვიდობა ჯობია: მათ უნდა გაიხსენონ, რომ საქართველოს თავისუფლებას შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანი… არ არსებობს მშვიდობა მონობაში“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
პარტია ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კი 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა: „ეს არის დღე, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ თავისუფლებისათვის თავშეწირულ ადამიანებს და ამავდროულად, აღვნიშნავთ ჩვენი თავისუფლების აღდგენის დღეს…“
„თავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა ახლა განსაკუთრებით მძაფრია უკრაინაში, სადაც უკრაინელი ხალხი თავისი თვითმყოფადობისათვის, თავისი სახელმწიფოსთვის, თავისი თავისუფლებისათვის თავს წირავს ყოველდღიურად“, – დასძინა მან.
ჟურნალისტებს რიგითი მოქალაქეებიც ესაუბრნენ. პედაგოგმა თამარ ტალახაძემ, რომელიც მემორიალთან მოსწავლეებთან ერთად მივიდა, განაცხადა: „ჩვენთვის 9 აპრილი, რა თქმა უნდა, არის გლოვის დღე, უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ არის აგრეთვე იმ ვერაგ იმპერიაზე გამარჯვების დღე, რომელსაც ჰქვია რუსეთი და რომელიც დღესაც აგრძელებს თავის იმ პოლიტიკას და არამარტო საქართველოში“.
9 აპრილს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესაც აღნიშნავს, რამდენადაც 1991 წელს, ამ დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს დაეფუძნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა 1921 წელს, 5 კვირიანი ომის შემდეგ დაიპყრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)