პრეზიდენტი: საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ერთგულია ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.
„მინდა დღეს, აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან, მოგმართოთ თქვენ. მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას“, – მიმართა მან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებთ.
„ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისა და 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე.
„უნდა იცოდეთ, და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხა“, – დასძინა მან.
„ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია: არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის“, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ბოლოსდაბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს“.
„დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა – აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზაა“, – უთხრა პრეზიდენტმა აფხაზეთისა და ცხინვალის მკვიდრებს.
„გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე – დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე, შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ“, – დაამატა მანვე.
„ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს. მაშასადამე მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
„იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც – თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება!“, – აღნიშნა მანვე სიტყვის დასასრულს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო იხსენებს 9 აპრილის გმირებს
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ცხინვალში მიერთების კამპანია დაიწყეს
- საქართველო ევროკავშირის წევრობის კითხვარს უახლოეს ხანში მიიღებს – მედია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)