მედია: ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იქნება
სხვადასხვა მედიის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში 10 აპრილს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ რეგიონის მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო.
სააგენტო „ტასი“ ერთ-ერთ ოპოზიციონერ კანდიდატზე, ალექსანდრ პლიევზე დაყრდნობით წერს, რომ ბიბილოვი მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს დაუპირისპირდება.
„ბიულეტენების 80%-ის შედეგების მიხედვით ალან ედუარდის ძე ლიდერობს“, – უთხრა პლიევმა „ტასს“.
პლიევი, რომელიც ცხინვალის „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა“, საკუთარ მხარდამჭერებს გაგლოევის მხარდაჭერისკენ უკვე მოუწოდა.
ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ჯამში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა.
„ტასის“ ცნობით, დანარჩენმა ოპოზიციონერმა კანდიდატებმა – გარი მულდაროვმა და დმიტრი ტასოევმა მეორე ტურში მხარდაჭერა ასევე გაგლოევს გამოუცხადეს.
ოკუპირებული ცხინვალის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ცნობით, „არჩევნებში“ მონაწილეობა ამომრჩევლის 82.07%-მა მიიღო. ცხინვალში ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის შესახებ სანდო ცნობები არ არსებობს, თუმცა, რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ცნობით, მათი რაოდენობა დაახლოებით 34 000-ია.
ცხინვალის „არჩევნები“ უკვე დაგმო თბილისმა და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს“.
ასევე წაიკითხეთ:
- გზამკვლევი: 10 აპრილის „არჩევნები“ ცხინვალში
- ცხინვალის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერი კანდიდატი რუსეთის ანექსიაზე სიფრთხილეს იჩენს
- ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე „სამართლებრივი ნაბიჯების“ გადადგმას გეგმავს
- ბიბილოვი ორი რეფერენდუმისა და თბილისიდან ნაკლებად სავარაუდო „პროვოკაციების“ შესახებ საუბრობს
- ბიბილოვი ახალგორელებს: დანარჩენ საქართველოში გადასვლა კვლავაც შეზღუდული იქნება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)