საქართველომ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარი მიიღო
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადასცა.
„კითხვარის მიღებით ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ქართველი ხალხის ეროვნული არჩევნის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – დაწერა მინისტრმა დარჩიაშვილმა Twitter-ზე. „საქართველო არ დაიშურებს ძალისხმევას დოკუმენტის დროულად შესავსებად, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“.
თავის მხრივ, ოლივერ ვარჰეიმ ქართველ დიპლომატს უთხრა, რომ „ეს პირველი ნაბიჯია თქვენს ევროპულ გზაზე“. „ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან დაჩქარებულად, რათა მივაწოდოთ მოსაზრება ევროპულ საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.
„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა სამინისტრომ.
საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.
განაცხადს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი 3 მარტს მას შემდეგ მოაწერა, რაც წინ დღით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველმა გუნდმა წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენის გადაწყვეტილება „საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით“ მიიღო.
მანამდე, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წლამდე არ წარადგენდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)