აფხაზი ომბუდსმენი: აქტივისტებს უშიშროება უკრაინაზე წერილის გამო იბარებს
ოკუპირებული აფხაზეთის ომბუდსმენის, ასიდა შაყრილის ცნობით, აფხაზ აქტივისტებს, რომელთაც ერთი კვირის წინ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო წერილი გამოაქვეყნეს, უშიშროების სამსახური რამდენიმესაათიანი „საუბრებისთვის“ იბარებს.
შაყრილმა პრობლემის შესახებ აფხაზეთის ლიდერ ასლან ბჟანიასთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი „საუბრებით“ უშიშროება მიზნად ისახავს მოქალაქეებზე ზეწოლას და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას აფხაზეთში.
„ამ ერთი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სულ უფრო ხშირად იბარებენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში რამდენიმესაათიანი ე.წ. საუბრებისათვის. შემაშფოთებელია, რომ ადამიანებს ამა თუ იმ თემაზე საჯაროდ გამოთმული აზრების გამო იბარებენ“, აღნიშნავს შაყრილი ბჟანიასადმი მიმართვაში.
აფხაზი ომბუდსმენის განცხადებით, მსგავსი მოქმედებები ნიშანია იმისა, რომ აფხაზეთში თანდათან უარესდება დემოკრატიის საბაზისო ნორმები, რომლებიც საფუძვლად უდევს რეგიონის „კონსტიტუციას“.
თავის წერილში აფხაზმა სახალხო დამცველმა იოსებ სტალინის პერიოდის დიდი წმენდაც გაიხსენა. მისი თქმით, უშიშროებისაგან დაძალებული მსგავსი „საუბრები“ სტალინის ეპოქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ე.წ. ნკვდ) მუშაობის მეთოდებს ახსენებს.
„სტალინის ტერორი აფხაზეთში უპირველესად მიმართული იყო განათლებული ხალხის, აფხაზი ინტელიგენციისადმი, რამაც საბოლოოდ ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილის განადგურებამდე მიგვიყვანა“, — თქვა შაყრილმა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისტორია, რათა თავიდან ავირიდოთ იმ წლების დამღუპველი უსამართლობისა და უკანონობის გამეორების მცირე შესაძლებლობაც კი“, — დასძინა მან.
ასიდა შაყრილმა ბჟანიას მოუწოდა უშიშროების სამსახურის ქმედებათა კანონიერება შეისწავლოს. ასევე, შაყრილის თქმით, უნდა დადგინდეს, რა მოტივაციით მოქმედებენ უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც აქტივისტებს „გასაუბრებისათვის“ იბარებენ.
აფხაზი აქტივისტები „უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებისკენ“ მოუწოდებენ
ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრმა აქტივისტებმა რუსეთ-უკრაინის ომზე ერთი კვირის წინ მიმართვა გაავრცელეს და ყველა იმ პირს, ვისაც „შეუძლია სისხლისღვრის შეჩერება და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის აღკვეთა, კეთილგონიერებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს“.
აფხაზეთში ცნობილ ჟურნალისტის, ნადეჟდა ვენედიქტოვას Facebook გვერდზე გავრცელებულ მიმართვას ხელს აწერენ აქტივისტები და საზოგადო მოღვაწეები: საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, ლარისა კაცია, ასტანდა გიცბა, ელენა ზავოდსკაია, არდა ინალ-იფა, ოლგა კორნეევა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლიუდმილა საღარია, მადინა ღარწკია, ასიდა ბუთბა, ელონა ტურავა, საიდ გეზერდავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩელია, აზამატ ბაღათელია, ასიდა ლამია, ციალა წკუა, ელირა კოკოსკერია.
- აფხაზები რუსეთთან მიერთების წინააღმდეგნი არიან
- რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფხაზეთში გულმხურვალე მხარდაჭერა არ მოჰყოლია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)