აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააგენტოში საეჭვო გადარიცხვები გამოავლინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020-2021 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარის საეჭვო გადარიცხვები გამოავლინა.
აუდიტის სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ დღეს დაუდასტურეს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან თანხები პირად ანგარიშებზე ირიცხებოდა, თუმცა კონკრეტული პირებისა და დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს.
უწყებაში ასევე თქვეს, რომ აუდიტის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და მიგნებები საბოლოო არ არის.
აუდიტის სამსახურის ცნობით, საეჭვო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდეს.
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა დღეს რამდენიმე მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მედიის ცნობით, თანხა აზარტული თამაშების ანგარიშებზე ირიცხებოდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სააგენტოს ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილმა აზარტული თამაშების ანგარიშებზე ნახევარ მილიონამდე ლარი გადარიცხა.
ტელეკომპანიის მტკიცებით, ბუღალტერი, რომელიც მერიაში სავარაუდო კორუფციული სქემის მონაწილე იყო, ახლა სუს-ის „ოქროს მოწმეა“.
გორის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა (2017-2021 წწ) და გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ასევე ყოფილმა ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ „ფორმულასთან“ საუბარში სავარაუდო დანაშაულებრივ სქემასთან კავშირი უარყვეს.
კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ მას საგამოძიებო უწყებიდან ჯერ არავინ დაკავშირებია და არც გამოკითხვაზე დაუბარებიათ.
კაპანაძე გუშინ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მივიდა. მედიასთან საუბრისას მან თქვა, რომ ეს ტრადიციული, ყოველწლიური აუდიტის შემოწმებაა და მას სახელმწიფო თანხების შესაძლო გაფლანგვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)