პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად იაგო ხვიჩია აირჩია
საქართველოს პარლამენტმა 13 აპრილის პლენარულ სხდომაზე ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩია 4-წლიანი ვადით 15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს ახალ წევრად აირჩია.
იაგო ხვიჩიამ, რომელიც საბჭოში ოპოზიციის კვოტით აირჩიეს, 100 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა და სხვა სამ ოპოზიციონერ კანდიდატს აჯობა.
საპროკურორო საბჭოს ვაკანტურ ადგილზე ასევე დასახელებულნი იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი, სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე და ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტი საპროკურორო საბჭოს ოპოზიციის კვოტით ერთ წევრს ირჩევს, ერთს უმრავლესობის კვოტით, ორს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ერთსაც იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით.
ამასთან, 15-წევრიან საბჭოს კიდევ 8 წევრს პროკურორთა კონფერენცია ირჩევს, 2 ადგილს საერთო სასამართლოების მოსამართლეები იკავებენ, რომელთაც თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს.
ასევე წაიკითხეთ:
- საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს
- ბავშვთა პორნოგრაფიაზე განცხადებას გირჩის ლიდერთა შორის განხეთქილება მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)