აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკულ მოხსენებას აქვეყნებს
ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი, 2021 წლის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში „დროდადრო ვხვდებოდით ნიშნებს, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ინარჩუნებდა ეფექტიან კონტროლს უშიშროების სამსახურებზე“.
ძირითადი მიგნებები
მოხსენებაში „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან პრობლემათა“ რიგში აღნიშნულია „სარწმუნო ცნობები, რომ სერიოზული პრობლემები გვხვდება სასამართლოს დამოუკიდებლობის, თვითნებური და შერჩევითი დაკავებებისა და გამოძიებების“ მხრივ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, გამოძიებების შესახებ, რომლებიც „ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად“. ასევე, ჩამოთვლილია პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისადმი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი პატივისცემის ნაკლებობა და ლგბტქ ადამიანებისა და აქტივისტებისადმი ძალადობა და მუქარები.
„მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანის უფლებათა დამრღვევების გამოძიების მხრივ, თუმცა დაუსჯელობის სინდრომი კვლავაც პრობლემად რჩება“.
ანგარიშში აღნიშნულია „მთავრობის ჩავარდნაც“ 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასასჯელად დამაჯერებელი გამოძიების ჩატარების საქმეში.
თვითნებური დაკავებები
მოხსენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კონსტიტუცია და კანონები თვითნებურ დაკავებებს კრძალავს, მთავრობა ყოველთვის არ იცავდა ამ პრინციპს.
მაგალითად, ანგარიშში მოტანილია პოლიციის მიერ 2021 წლის აპრილში მართლმადიდებელი მღვდლის, იონას უკანონო დაკავების ამბავი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის, იობის მითითებით დააკავებინეს. მღვდელი ასევე ამტკიცებდა, რომ პოლიცია ემუქრებოდა, რომ თუ შეთითხნილი რომელიმე ბრალდებებით ციხეში წასვლას არ დათანხმდებოდა, უფრო მძიმე ბრალდებით დააკავებდნენ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შემდეგ, დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე, შალვა ზამბახიძეს ბრალი წაუყენეს მტკიცებულებათა გაყალბების, იარაღის უკანონო შენახვის, ძალაუფლების გადამეტებისა და უკანონო დაკავების მუხლებით. 8 ნოემბერს, იგი რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა უკანონო დაკავებისა და ძალაუფლების გადამეტების ნაწილში, თუმცა გაამტყუნა იარაღის უკანონო შენახვისა და მტკიცებულებათა გაყალბების ნაწილში და 5 წლით ციხე მიუსაჯა.
სასამართლო
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავაც გვხვდება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები.
„მოსამართლეები მოწყვლადები არიან პოლიტიკური ზეწოლისადმი, როგორც სასამართლოს შიგნით სისტემიდან, ისე გარედან, იმ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებსა და ადამიანებს ეხება“.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ერთი სასამართლოდან მეორეში მოსამართლეთა გადაყვანის დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრაქტიკა კვლავაც პრობლემურ საკითხია. „გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს და ეს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია“, – წერია ანგარიშში.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული პალატების კოლეგიებში გადაყვანილ მოსამართლეთა უმეტესობა, გავრცელებული ცნობებით, დაკავშირებულნი არიან „კლანთან“ და თითქმის ყველა მათგანი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს.
Პრესის თავისუფლება
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, მედიის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციითა და კანონებითაა გარანტირებული, მთავრობამ სათანადოდ არ დაიცვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში, ულტრამემარჯვენე ჯგუფები თუ პოლიტიკური მიზნებით მოქმედი აქტორები, ბევრ ჟურნალისტს დაეხსნენ თავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ საქმეებში, ეჭვმიტანილ თავდამსხმელთა მიმართ არ დაწყებულა გამოძიება, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას საქმეში, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის მერი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ პოლიციის განცხადებები „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, „გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად, ჟურნალისტის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად“.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მედიის პლურალიზმი პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმაც გააუარესა“. ამის მაგალითად დასახელებულია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შემდეგი განცხადებაც: „თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს პარტიულ ტელევიზიებში. თვიდან დაიწყო სხვა რამით, მაგალითად, სერიალებით და ასე შემდეგ, იქ ხდებოდა ყურის შეჩვევა ბილწისტყვაობისთვის“.
„ამგვარი რიტორიკა ფართოდ გამოიყენა მმართველმა პარტიამ (როგორც ეს გამოიყენებოდა მაშინ, როდესაც სხვა პარტიები იყვნენ ხელისუფლებაში) რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ხელისუფლების მიმართ ნებისმიერი კრიტიკული გაშუქება“.
ანგარიშიში ნათქვამია ისიც, რომ 5-6 ივლისის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემდეგ, ტელეკომპანია „„რუსთავი 2-ის“ (ქართული ოცნების მომხრე მედიაგამოცემა) ორმა საკვანძო ჟურნალისტმა თანამდებობა დატოვა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“.
გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მმართველი პარტიის გავლენას განიცდიდა“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების მნიშვნელოვანი რაოდენობის თქმით, მათ ან ხელი შეუშალეს საჯარო ღონისძიებების გაშუქებაში ან უარი უთხრეს საჯარო ინფორმაციის მიცემაზე“.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა არ ზღუდავს ან არ აფერხებს ინტერნეტზე წვდომას ან არ აწესებს ცენზურას ონლაიმასალებზე. თუმცა, მოხსენების თანახმადვე, კვლავაც რჩება კითხვის ნიშნები უკანონო მიყურადების შესახებ.
შეკრების თავისუფლება
მთავრობა არასათანადოდ იცავდა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას.
5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობაზე ანგარიშში წერია: „დაახლოებით 3 000-მა ულტრამემარჯვენე დემონსტრანტმა ძალადობრივი არეულობა მოაწყო თბილისში, გაანადგურა ოპოზიციის საპროტესტო [კარვები] პარლამენტთან, თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს და 50-ზე მეტ ჟურნალისტს და სხვა [მოქალაქეებს], პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, რომ თბილისი პრაიდის დაგეგმილი ღონისძიება – „მარში ღირსებისთვის“ მიზანშეუწონელია და უწოდა მას „სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის“ შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის გაღრმავებას“.
„პრემიერმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგებოდა ღონისძიებას, რათა ამით გაემართლებინა „თბილისი პრაიდზე“ ძალადობის დაბრალება“, – წერია ანგარიშში.
აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთისა და რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები ბოროტმოქმედების ჩადენის გამო არ ისჯებოდნენ.
მოხსენებაში ყურადღებაა გამახვილებული სარწმუნო ცნობებზე ამ რეგიონებში უკანონო დაკავებების, გადაადგილების – განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების გადაადგილების – შეზღუდვის, ხმის მიცემის ან პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის და ქართველებისათვის საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, ამ რეგიონებში არაა დაცული ეთნიკურ ქართველთა ფუნდამენტური უფლებები და რომ ჩაწერისათვის მათ რთულ მოთხოვნებს უყენებენ.
მოხსენებაში ყურადღებაა გამახვილებული აფხაზი ანრი ათეიბას გარდაცვალებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, აფხაზეთის პოლიციის ძალადობას ემსხვერპლა. მოხსენებაში მოყვანილია 2020 წელს, ცხინვალში, სავარაუდოდ პოლიციელთა სასტიკ მოპყრობას შეწირული ინალ ჯაბიევისა და მისი საქმის არასათანადო გამოძიებაც.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია აფხაზეთში 2021 წლის აპრილში რუსი ტურისტის, არტიომ რუსკიხის დაკავება ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით. ანგარიშის თანახმად, აფხაზურმა პოლიციამ რუსკიხს სცემა, დაემუქრა მოკვლით, მათ შორის, ეზოს შლანგით ჩამოხრჩობის, მთის მდინარეში დახრჩობის და პისტოლეტის სროლის სიმულაციებით.
დამოუკიდებელი ინსტიტუტებისადმი მოპყრობა, არჩევნები
მოხსენების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, კვლავაც ვრცელდებოდა სარწმუნო ცნობები პოლიტიკური ძალადობის შესახებ. „დაშინება, ზეწოლა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, რაც კიდევ უფრო შლის ზღვარს მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის, გაგრძელდა ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის განმავლობაში“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე მმართველი პარტია, ქართული ოცნება სულ უფრო მეტად ცდილობდა სახალხო დამცველის აპარატის მარგინალიზაციას.
ანგარიშს არც ქართული ოცნების დეპუტატების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ცალკე უწყების შექმნა გამორჩენია მხედველობიდან. დოკუმენტის მიხედვით, ინსპექტორის „წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომელსაც ყველა სამართალდამცველი ორგანოს მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის თანაბრად გამოიძიება შეეძლო, [ახალი] კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი გარკვეული დანაშაულები, როგორებიცაა – მკვლელობა და სხეულის დაზიანება“.
რაც შეეხება შრომის უფლებებს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობა ეფექტიანად არ აღასრულებდა კანონებს, რომლებიც გაერთიანების თავისუფლებას იცავს ან პროფკავშირების დისკრიმინაციას კრძალავს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თვითნებური დათხოვნისა და შრომით უფლებებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დავების გადაწყვეტა დიდხანს ჭიანურდებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)