ქართველმა დეპუტატებმა უკრაინაში ერთობლივ ვიზიტი შეაჯამეს

ქართველმა დეპუტატებმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის ვიზიტი შეაჯამეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული ყველა საკითხი გარკვეულია, მათ შორის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება საქართველოს მიერ რუსული კონტრაბანდის შესაძლო გატარების თაობაზე.

„იქაც [უკრაინაში] აღვნიშნე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს, განსაკუთრებით ვუყურებთ, თუკი არსებობს რაიმე პრეტენზიები, სადაც შეიძლება, იყოს მინიშნება, თითქოსდა საქართველოს შეიძლება, ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან და ა.შ.“.

მისივე თქმით, უკრაინაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ რომელიმე მედიისა თუ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთთან გადაამოწმებენ. „კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებით მოწყვლადი არის საინფორმაციო სივრცე დეზინფორმაციისთვის“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის „ვერხოვნა რადას“ თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა რუსეთისთვის საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესების საკითხიც წამოჭრა, სადაც ეს „შესაძლებელია“.

„ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი…, [რომ] ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა მან.

„მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს“, – ხაზი გაუსვა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, ავტომატურად უერთდება, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს.

ოპოზიციის შეფასება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო, განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ორ ქვეყენას შორის ურთიერთობების „შემობრუნების წერტილი“ გახდა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თითქმის სრული საპარლამენტო დელეგაცია ჩავედით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას და ხალხს“, – თქვა ლევან იოსელიანმა.

ამის შემდეგ, მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარის გამო გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ მათ „ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“.

„რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამ გამარჯვებაში ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

„ესაა დღეს საქართველოს სახელმწოფოს ინტერესი და არა საკუთარ პარტიებზე ფიქრი“, – აღნიშნა მანვე.

საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ „ეს იყო ძალიან საჭირო ვიზიტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის“.

მისივე თქმით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების პირობა დადეს.

იგი მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადს, რომ „საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის შავი ხვრელი“. „ეს განცხადება გაკეთდა, რაც სწორია. ამას ვითხოვდით ომის 52 დღეა! პასუხად ვიღებდით ომის სურვილში დადანაშაულებას“, – დასძინა დეპუტატმა.

„დადასტურდა, რომ შეიძლება იყო ფრთხილი, მაგრამ არა მხდალი. ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს – უკრაინა ჩვენს ზურგის ჩვენებას არ იმსახურებს, არც ჩვენი გმირული ისტორია იმსახურებს ამას“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.


შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გამგზავრებული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ – ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ქართული ოცნებიდან; მმართველი პარტიის დეპუტატი, ბექა ოდიშარია; ვიცე-სპიკერი და მოქალაქეების დეპუტატი ლევან იოსელიანი; ანა ნაცვლიშვილი, ლელოდან; გიორგი ხოჯევანიშვილი, პარტიიდან საქართველოსთვის; ვახტანგ მეგრელიშვილი, გირჩიდან და ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიიდან.

16 აპრილს ქართული დელეგაცია ბუჩას და ირპინს სტუმრობდა, სადაც რამდენიკვირიანი რუსული ოკუპაციის შედეგად ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალი დარჩა.

შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს თავდაპირველად უარი თქვა სტეფანჩუკის მიწვევაზე ბუჩაში და ამის მიზეზად „დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშები და კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულება“ დაასახელა.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ უკრაინელ კოლეგასთან „ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაციის“ შემდეგ მეგობარ ქვეყანაში მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)