„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 4 მედიასაშუალების სახელით შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 18 აპრილს განაცხადა, რომ სამი ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“ და ინტერნეტგამოცემა „ონ.ჯის“ 24 ჟურნალისტის სახელით 5-6 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობის განმარტებით, სარჩელი 6 სთ-ის მოცულობისა და 400 გვერდზე მეტი ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებს, ასევე ორგანიზაციის იურისტების მიერ შსს- დან უწყების მხრიდან 5 ივლისს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ გამოთხოვილ დამატებით ინფორმაციას ეყრდნობა.

„გამჭვირვალობის“ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თქვა, რომ ივლისის მოვლენებისას, „სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და არ დაიცვა იქ მყოფი ჟურნალისტები“.

მისივე განმარტებით, ორგანიზაციას აქვს „უტყუარი მტკიცებულებები“, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტების დასაცავად „აბსოლუტურად ყველა საშუალება“ ჰქონდა, თუმცა „მან ეს რესურსები არ გამოიყენა“.

გიგაურის თქმით, სარჩელი „ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სახელმწიფომ და კონკრეტულმა უწყებებმა თავის თავზე აიღონ და შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია ჩვენი კონსტიტუციით და კანონით“.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოში ვიჩივლოთ და წავიდეთ სტრასბურგშიც, თუ ამის საჭიროება იქნება“, – ხაზი გაუსვა გიგაურმა.

უახლოეს მომავალში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს, რომლის მიზანიც იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურება იქნება, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.

„მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ დირექტორების გამოხმაურება

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა, ხაზი გაუსვა, რომ მთავარია, ეს იყოს „ე.წ. პრევენციული სასჯელი მთავრობისთვის, რომ მან იცოდეს, რომ გამორიცხულია რეაგირების გარეშე ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება“.

მანვე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ მედიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიტყვას, რათა მომავალში თუნდაც „არასწორად ინტერპრეტირებული“ გამონათქვამი მსგავსი ტიპის ქმედებების წამახალისებელი არ აღმოჩნდეს.

ივლისის მოვლენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ძალადობის ორგანიზატორთა დაუსჯელობაზე გაამახვილა ყურადღება ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ დრომდე არც შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა, „რომელმაც როგორც მინიმუმ, პრევენციული სამუშაოები ვერ განახორციელა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.

„სამწუხაროდ, პოლიცია[ც] იყო ინერტული იმ დღეს და ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ამ საქმეს არ მოვეშვებით, ვეცდებით ყველა დონეზე, რომ საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – დასძინა გუმბარიძემ.


5-6 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების მიერ ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას, ჯამში მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავაც, რომელიც მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში უკვე ყველა პირი ცნო დამნაშავედ, მათგან 26-ს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა, 1-ს კი – 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მიუხედავად სახალხო დამცველის მოწოდებისა, სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)