საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს მიმდინარე კვირას აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორი კრის კუნსის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან – სენატორი გარი პიტერსი; შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი; კონგრესვუმენი სტეფანი მერფი; კონგრესვუმენი ქეითლინ რაისი; კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციის წევრები მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა „განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება“.
განსახილველ საკითხთა შორის ასევე იქნება ისეთი საერთო გლობალური გამოწვევები, როგორებიცაა – კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.
„ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანს-ატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
„რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში“, – აღნიშნა სენატორმა პიტერსმა.
„ტრანს-ატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს“, – თქვა მანვე და დასძინა – „მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“.
კონგრესვუმენ მერფის განცხადებით კი – „საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში და საქართველოში – ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში“ ვიზიტი ერთიანობის ჩვენებისა და ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობა იქნება.
ასევე წაიკითხეთ:
- ოქტომბერი, 2021: აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს სტუმრობს
- სექტემბერი, 2021: ამერიკელი კონგრესმენები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ
- ივნისი, 2021: ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი დაიწყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)