აფხაზეთის კულტურის ყოფილი „მინისტრი“ კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ კულტურის ყოფილი „მინისტრი“, გუდისა აგრბა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავა. საქმე დიდი რაოდენობით თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ეხება.
დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ოკუპირებული რეგიონის „პროკურატურამ“ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო აგრბას და ბიზნესმენ ნადირ ჯინალის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი აგრბას, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა.
საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ „პროკურატურაზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ 2021 წლის დასაწყისში, მაშინდელმა „კულტურის მინისტრმა“, აგრბამ ჯინალთან კონკრეტული მოწყობილობის 3 მლნს რუბლის ნაცვლად 8 მილიონ რუბლად შესყიდვის თაობაზე შეთანხმება დადო. ჯინალმა 4.3 მლნ რუბლი ნაღდი ფულის სახით გამოიტანა და აგრბას გადასცა.
მალევე, 2012 წლის მაისში, აგრბამ ჯინალთან ახალი შეთანხმება გააფორმა 19.9 მლნ რუბლის აუდიმოწყობილობის მიწოდების თაობაზე, რომლის რეალური ღირებულება 6.3 მლნ რუბლი იყო. „პროკურატურის“ ინფორნაციით, აგრბამ ამ შეთანხმების შედეგად 10 მლნ რუბლი მიითვისა.
„პროკურატურის“ განცხადებით, საერთო ჯამში, ბიუჯეტს 14.3 მლნ რუბლის მატერიალური ზიანი მიადგა.
„პროკურატურა“ აგრბასთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად სოხუმის „სასამართლოს“ 72 სთ-იანი ვადა აქვს.
თავად აგრბას, ან მის ადვოკატს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
37 წლის აგრბა თანამდებობიდან თებერვალში გადადგა. აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ იგი ამ პოსტზე 2020 წლის ივნისში დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)