Freedom House-ის კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი უარესდება 

Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07 ქულამდე შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანა „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიაში რჩება.

ყოველწლიური კვლევა – „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2022“ – 20 აპრილს გამოქვეყნდა და ის წინა წელს ევროპისა და ევრაზიის 29 პოსტკომუნისტურ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობას მიმოიხილავს. ქულები წარმოდგენილია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე მაღალი.

დემოკრატიულობის საერთო ქულა გამოიანგარიშება ქულების საშუალო მაჩვენებლით ცალკეული კატეგორიების მიხედვით, რომლებიც მოიცავს: ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობას, საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას, და კორუფციას.

საქართველოს მაჩვენებელი სამ კატეგორიაში დაეცა, დანარჩენში კი – უცვლელი დარჩა.

კერძოდ, ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ქულა 2.50-დან 2.25-მდე შემცირდა, რაც განაპირობა 19 აპრილს შეთანხმების ჩაშლამ და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ქმედებების გამო გამწვავებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა.

ორგანიზაციის თქმით, ასევე შემცირდა სამოქალაქო საზოგადოების ქულა 4.25-დან 4.00-მდე, რაც განაპირობა ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნამ, რასაც მოჰყვა 2021 წლის ივლისის თავდასხმა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებსა და მედიის მუშაკებზე, რომლებიც დაგეგმილ „ღირსების მარშს“ აშუქებდნენ.

სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ქულა 2.75-დან 2.50-მდე გაუარესდა, რისი მიზეზიც „სასამართლო სისტემაში არსებული უსასრულო და გაუარესებული კრიზისია“.

ორგანიზაციის თქმით, ეს დიდწილად განაპირობა ოპოზიციის წარმომადგენელთა საქმეების პოლიტიზირებულმა განხილვებმა და ხელისუფლების წარუმატებლობამ რეფორმების განხორციელების კუთხით.

კვლევაში გაკრიტიკებულია ერთპარტიული მმართველობა, რაც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.

საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი ბოლო ექვსი წელია გაუარესებას განაგრძობს. 2016 და 2017 წლების კვლევებში, ეს მაჩვენებელი 3.39-ს შეადგენდა. 2018 წელს ის 3.32-მდე, ხოლო 2019 წელს 3.29-მდე დაეცა. 2020 წელს დემოკრატიულობის ქულა 3.25-ს, ხოლო 2021 წელს 3.18-ს შეადგენდა.

შედარებისთვის, საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია მეზობლების მაჩვენებლებზე – აზერბაიჯანი (1.07), რუსეთი (1.32) და სომხეთი, რომლის ქულაც 2021 წელს 2.96-დან 3.04-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ისინი 3.36 და 3.11 ქულებით საქართველოზე წინ არიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)