„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
„საზოგადოებრივ მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 21 აპრილის სხდომაზე, საბჭოს ახალ თავმჯდომარედ 3 წლის ვადით ქართული ოცნების კვოტით შერჩეული წევრი, ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.
პოსტზე მაღლაფერიძემ ირინა ფუტკარაძე შეცვალა, რომელსაც თავმჯდომარეობის 3-წლიანი და წევრობის 6-წლიანი ვადაც ამოეწურა. იგი საბჭოს სახალხო დამცველის კვოტით იყო არჩეული.
მაღლაფერიძის კანდიდატურას ღია კენჭისყრაზე მხარი სხდომაზე დამსწრე 8 წევრიდან შემდეგმა 5-მა დაუჭირა: ბონდო მძინარაშვილი, რომელიც საბჭოში პატრიოტთა ალიანსისა და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის წარდგინებით მოხვდა; გრიგოლ (გია) მურღულია, მიხეილ ჩიკვილაძე და თავად ვასილ მაღლაფერიძე უმრავლესობის კვოტიდან და იზაბელა ოსიპოვა, სახალხო დამცველის კვოტიდან.
წინააღმდეგები იყვნენ – ზაზა აბაშიძე (ევროპული საქართველოს კვოტით) და ბესიკ ლილუაშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით). საბჭოში სახალხო დამცველის კვოტით ახლახან არჩეულმა ლაშა ტუღუშმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საბჭოში მე-9 წევრის ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია. 13 აპრილს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ენმ-ის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ლია (ლიკა) შავგულიძეს.
არჩევნებში მაღლაფერიძის კონკურენტი ბესიკ ლილუაშვილი იყო, თუმცა მან მხოლოდ 2 ხმა მიიღო, საიდანაც ერთი ხმა მისივე იყო, ერთიც ზაზა აბაშიძის.
მაღლაფერიძემ და ლილუაშვილმა კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურები თავადვე წარადგინეს.
კენჭისყრის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ კოლეგებს თავმჯდომარედ არჩევისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ იგი საბჭოს ამ შემადგენლობის მოხარულია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რომ „საბჭომ მეტი უნდა აიღოს თავის თავზე, როგორც კონტროლის, ისე დაცვის თვალსაზრისით“.
კენჭისყრამდე ვითარება
სამეურვეო საბჭოს სხდომა წევრებს შორის მცირე კამათის ფონზე წარიმართა.
საბჭოში, ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველის კვოტით არჩეულმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა კოლეგებს თავმჯდომარის არჩევის პროცესის 1 კვირით, საბჭოს სრულად დაკომპლექტებამდე გადადება შესთავაზა. „[ეს იქნება] უფრო სწორი იქნება კოლეგიალური თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.
მისი მოსაზრება არ გაიზიარა, საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გრიგოლ მურღულიამ და თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ თავმჯდომარის არჩევას 5 ხმა სჭირდება, ახალი წევრის ხმა, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ვერ იქნებოდა და არც კენჭისყრის გადადების მიზეზი არსებობდა.
მანვე აღნიშნა, რომ საბჭო 1 მაისს პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგეს და კარგი იქნებოდა, თუკი ამას უკვე ახალი თავმჯდომარე იზამდა.
კანონის შესაბამისად მოქმედება და კენჭისყრის დღეს ჩატარება მოითხოვა თავად ვასილ მაღლაფერიძემაც.
მცირე კამათის შემდეგ, საბოლოოდ, საბჭოს წევრები კენჭისყრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ვასილ მაღლაფერიძე, 2021 წლის იანვარ-მარტში, ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2017-2020 წლებში, მას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 11 აპრილს განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა „მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას“.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2 წევრი დაამტკიცა
- კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია
- ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)