NDI-ის ახალი კვლევა უკრაინის ომის ფონზე საზოგადოების განწყობებში ცვლილებებს ასახავს
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო ახლო ურთიერთობები ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ამასთან, უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
თებერვლის კვლევის ფარგლებში სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით 2 036 რესპონდენტი გამოიკითხა, ხოლო მარტის კვლევისას – 2 024. ცდომილების საშუალო ზღვარმა თებერვალში +/-1.8%, ხოლო მარტში 1.6% შეადგინა.
იმავდროულად, ფოკუსჯგუფები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში ონლაინ, Zoom-ის გამოყენებით 15-22 მარტის პერიოდში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი იყო – 18-28 წლისა და 45+ წლის ასაკის ჯგუფები.
უცხოელი პარტნიორები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
კვლევის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ უფრო გააძლიერა რწმენა, რომ საქართველომ ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობები უნდა დაამყაროს და შეზღუდოს ურთიერთობები რუსეთთან. მაშინ, როდესაც ომის დაწყებამდე საზოგადოების მხოლოდ 29%-მა და 30%-მა განაცხადა, რომ საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან, ომის დროს მათი რაოდენობა 42%-მდე და 40%-მდე გაიზარდა.
ამასთან, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა ჰქონოდა რუსეთთან, 24% და 29%-დან 13% და 16%-მდე შემცირდა.
ამ ფონზე, აშშ-სთან ურთიერთობის მხარდაჭერა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
კვლევის შედეგების თანახმად, მაშინ როდესაც 51%-დან 53%-მდე მოიმატა იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის გავლენა ქვეყანაზე გაიზარდა, იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც იმავეს ფიქრობენ ნატოს, აშშ-ის და ევროკავშირის შესახებ 25%, 31% და 33%-დან 17%, 25% და 25%-მდე შემცირდა.
ამ კონტექსტში, იმ რესპონდენტების 91%, ვინც ფიქრობს, რომ რუსული გავლენა გაიზარდა, აღნიშნავს, რომ ეს გავლენა ცუდია, ხოლო ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის გავლენის მიმართ საზოგადოების განწყობა დადებითია.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, საზოგადოების 82%-მა მარტში მხარი დაუჭირა ბლოკში გაწევრიანებას, ხოლო თებერვალში მათი რაოდენობა 80% იყო. სამ პასუხს შორის, მათ, ვინც გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს, აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს (62%), მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (32%) და დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებს (20%).
კვლევის თანახმად, ნატოს მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ ძლიერია მიუხედავად იმისა, რომ ომამდე არსებული 74%-დან ის 71%-მდე შემცირდა. ალიანსში გაწევრიანების მომხრეებმა სამ პასუხს შორის დაასახელეს მეტი უსაფრთხოება საქართველოსთვის (53%), ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება (37%) და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები (27%).
მაშინ, როდესაც იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრენი არიან, 65%-დან 69%-მდე გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმა რუსეთთან ურთიერთობების სასარგებლოდ ხელსაყრელი იქნება, 18%-დან 10%-მდე შემცირდა.
სანქციები, დამოკიდებულება რუსეთისა და რუსების მიმართ
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რესპონდენტების 85% ფიქრობს, რომ რუსეთი მეზობლებისთვის „დიდი საფრთხეა“ – ომამდე ეს მაჩვენებელი 73% იყო. ამასთან, მოსახლეობის 67%-ს სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია, 11%-ს – პუტინის, 9%-ს – აშშ-ის და 5%-ს – უკრაინის.
ამ ფონზე, მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანამ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს – ომამდე ეს მაჩვენებელი 23% იყო; ხოლო 25% ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა (ომამდე 53%). მოსახლეობის 27%-ს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ისე უნდა დატოვოს, როგორც არის (თებერვალში 16%).
რესპონდენტების 49% მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო არ შეუერთდეს სანქციებს. 37% ამ პოზიციას არ ემხრობა, 14%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა უარი განაცხადა პასუხზე.
კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერები და შედარებით ასაკიანი მოქალაქეები უფრო ემხრობიან გადაწყვეტილებას, რომ საქართველო არ შეუერთდეს სანქციებს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 98% კეთილგანწყობილია უკრაინელი ხალხის მიმართ, ხოლო 87%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს უკრაინის მთავრობის მიმართ.
ამასთან, რუსეთის მთავრობის მიმართ კეთილგანწყობა რესპონდენტების მხოლოდ 9%-ს აქვს. რესპონდენტების 85%-ი არაკეთილგანწყობილია კრემლის მიმართ, ხოლო 5%-მა არ იცის. სურათი განსხვავებულია, როდესაც საქმე საზოგადოებას ეხება – რესპონდენტების 59% კეთილგანწყობილია რუსი ხალხის მიმართ, ხოლო 36% – არაკეთილგანწყობილი.
რუსების მიმართ ყველაზე მეტად კეთილგანწყობილნი ქართული ოცნების მხარდამჭერები, მამაკაცები, 55 წლის ზემოთ პირები და სოფლის მცხოვრებლები არიან.
რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას რესპონდენტების 66% უჭერს მხარს. 21% არ ემხრობა, 11%-მა არ იცის, ხოლო 1% უარი განაცხადა პასუხზე. კვლევის თანახმად, სავიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგ, სხვებზე მეტად, ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და უფროსი ასაკის მოქალაქეები არიან.
რესპონდენტების 81% ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი უარყოფითად აისახება მათი და მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოსახლეობის 80% უკრაინაში ომის ფონზე ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის; 57% ამბობს, რომ პრორუსული ძალების გააქტიურებაა მოსალოდნელი, ხოლო 52% ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)