კობახიძის თქმით, „ენჯეოების კლანი“ სასამართლოს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონტროლის აღდგენის მცდელობაში დაანადაშაულა.
პრო-სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისათვის“ 21 აპრილს მიცემულ ინტერვიუში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. „სასამართლოს კლანის“ შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კამპანია სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„ეს ე.წ. ენჯეოები*, რომლებიც ამ კამპანიას აწარმოებენ, ერთადერთი მიზნით არიან დატვირთულები, ეს არის ნაცმოძრაობის კონტროლის თუნდაც გარკვეულ დონეზე აღდგენა სასამართლოზე“, — განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს „კლანის“ არსებობაზე საუბარი, „როგორც კი განულდა ნაცმოძრაობის კონტროლი [სასამართლოზე]“.
„დაბრენდვა** ეს არის აბსოლუტურად საბჭოური მეთოდი. ეს ე.წ. „ენჯეოები“ რომლებიც გამოდიან კამპანიით სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ, კლიშეების მოფიქრების“, — განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
მისივე სიტყვებით, „სინამდვილეში ერთადერთი კლანი ვიცი მე გამოკვეთილი, ეს არის „ენჯეოების“ კლანი. არის რამდენიმე ენჯეო და იქ ვერავინ შეჰყოფს ცხვირს“.
„შეგიძლიათ სცადოთ, არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ვერავინ ვერ შეყოფს იმ კლანში ცხვირს“, — დაამატა მან.
**დადამღვა, შერაცხვა, მარკირება, რამე ნიშნად ქცევა — „სამოქალაქო საქართველოს“ შენიშვნა
- მოსამართლეები ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
- აშშ „დახურულ“ სასამართლო სისტემას აკრიტიკებს
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წლებია მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ სასამართლოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით მოქმედ ე.წ. კლანზე კონტროლი გადაიბარა.
ორგანიზაციების აზრით, ეს ის ჯგუფია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს, „მართავდა და ტოტალურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს“.
ამ კრიტიკის პასუხად 2019 წელს, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „[2012 წლამდე სასამართლოში] იყო მილიონი ცუდი [შემთხვევა], ახლა არის არცერთი და ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა სისტემა, შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბოლო წლებში სასამართლოს გამო აშშ და ევროკავშირიც აკრიტიკებს. ნოემბერში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მთავრობას მართლმსაჯულების სისტემაში 5 უკან გადადგმული ნაბიჯზეც მიუთითა.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მოხსენებაში მნიშვნელოვან პრობლემათა რიგში აღნიშნა „სარწმუნო ცნობები, რომ სერიოზული პრობლემები გვხვდება სასამართლოს დამოუკიდებლობის, თვითნებური და შერჩევითი დაკავებებისა და გამოძიებების მხრივ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)