“მე, პრეზიდენტი”: მარინე ლე პენი
დღეს, საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარინე ლე პენი მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეერკინება. რას მოიმოქმედებს ფრანგი ულტრამემარჯვენეების მებაირახტრე გამარჯვების შემთხვევაში? მისი პროგრამისა და გამოსვლების შეჯამება ასეთ სურათს გვაძლევსო, წერს ფრანგული “ლე მონდი”:
არჩევისთანავე “ეროვნული ერთობის” (RN) პარტიის ლიდერი პირობას იძლევა რომ “ეროვნული ერთობის მთავრობას” შექმნის, რომელშიც მემარჯვენე და მემარცხენე სუვერენისტებს (ანუ ევროკავშირისა და აშშ-ს გავლენის მოწინააღმდეგეებს) შეიყვანს. მხოლოდ რამდენიმე შესაძლო მინისტრის სახელი ახსენა ლე პენმა: თავისი პარტიიდან, ევროდეპუტატი ჟან-პოლ გარო იუსტიციის მინისტრი გახდება, ხოლო მწერალი, “ეკოლოგიური ფრანგულობის” (ანუ, ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, “ამერიკის ხნის კოპიტი რომ უდგას ჭურისთავზე”) მეხოტბე ერვე ჟუვანი – გარემოს დაცვის სამინისტროში დაიდებს ბინას.
ერთ-ერთ კანდიდატად ახსენა ასევე სოციალისტური პარტიიდან ნამინისტრალი არნო მონბურგიც, რომელმაც ზიზღით განაგდო ასეთი შეთავაზება და მომხრეებს (თუკი ასეთები შემორჩა) მოუწოდა, “ჯებირად დადგნენ მარინე ლე პენის, მისი მომხრეებისა და მათი გეგმების” წინააღმდეგ. ლე პენმა უარყო, რომ მასზე კიდევ უფრო რადიკალ ერიკ ზემურს ანდა მის ბიძაშვილ მარიონ მარეშალ ლე-პენს შესთავაზებდა პორტფელებს. ასევე უარყო, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ცნობილ წევრს, კრემლზე ჭიპლარით გადაბმულ ტერი მარიანის (სწორედ ის მარიანია, ენთუზიაზმით რომ ესწრებოდა ყირიმის ყალბ რეფერენდუმს) საგარეო მინისტრად დანიშნავს.
ენერგომატარებლებზე დღგ-ს შემცირება
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ლე პენი ფრანგებს ჰპირდება, თქვენს სამომხმარებლო კალათაში 150-200 ევროს დავაბრუნებ გადასახადების შემცირებითო. კერძოდ, აპირებს ენერგომატარებლებზე დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) 20-დან 5.5%-მდე შემცირებას და სამომხმარებლო კალათისათვის საკვანძო 100 საკვებ პროდუქტზე დღგ-ს საერთოდ გაუქმებას.
ამის გასაკეთებლად ლე პენს ევროკავშირის თანხმობა დასჭირდება, რადგან დღგ-ს დონე საერთო-ევროპული შეთანხმებით განისაზღვრება. სასიცოცხლო პროდუქტებზე ამ გადასახადის შემცირება დასაშვებია, თუმცა ენერგომატარებლებზე – არა.
მეორე ნაბიჯი ფინანსურ მემკვიდრეობაზე გადასახადების დაწესებაა (რომელიც მაკრონმა გააუქმა), ასევე კერძო სექტორში ხელფასების ათი პროცენტით გაზრდა ისე, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი კანონით დაწესებულ მინიმუმს სამჯერ აღემატებოდეს. ამასთან, ლე პენი საწარმოებს პირდება, რომ მათ ეს ტვირთი არ დააწვებათ, თუმცა ეკონომისტები ამას შეუძლებლად მიიჩნევენ.
კამპანიის განმავლობაში, ლე პენმა მკვეთრად შეცვალა პოზიცია პენსიასთან დაკავშირებით და მემარცხეების ხმების მოსაზიდად აცხადებს, რომ საპენსიო ასაკად 60 წელი უნდა დადგინდეს იმათთვის, ვისაც 40 წელი მაინც გადაუხდია საპენსიო შენატანები (მაკრონის პროგრამით, საპენსიო ასაკი თანდათანობით 65-მდე უნდა გაიზარდოს). ექსპერტების თქმით, ამ ღონისძიებებისათვის გაწერილი ხარჯები ლე პენს ფრიად ოპტიმისტურად აქვს ნავარაუდევი.
კონსტიტუციის შეცვლა
არჩევის შემთხვევაში, ლე პენი შემოდგომამდე აპირებს რეფერენდუმის გამართვას “იმიგრაციის შესაჩერებლად” საჭირო უფლებამოსილების მოსაპოვებლად, რაც მას უფლებას მისცემს ქვეყნიდან გააძევოს “ფარულად შემოსული, უსაქმური და კრიმინალი” უცხოელები, გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნიდან წამოსულ იმიგრანტებს მიანიჭებს უპირატესობას სამუშაოს, საცხოვრისის ან სოციალური დახმარების მისანიჭებლად. ბევრი ფრანგი იურისტის აზრით, ამგვარი რეფერენდუმი უკანონო იქნება – საფრანგეთის კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციით მინიჭებული გარანტიების რეფერენდუმით გადახედვას. ლე პენი ასევე არასწორად აცხადებს, რომ ამგვარი ცვლილებების რეფერენდუმზე გამოტანა საკონსტიტუციო საბჭოს (ფრანგული საკონსტიტუციო სასამართლოს) მოსაზრების გარეშე შეეძლება.
რეფერენდუმითვე აპირებს სახალხო ინიციატივებით რეფერენდუმის ჩატარების დაკანონებას ნებისმიერ საკითხზე (საკონსტიტუციო თემებზე რეფერენდუმის ინიცირების უფლება საფრანგეთში შეზღუდულია და მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის წევრებს აქვთ).
ამავე დროს, ლე პენმა კამპანიისაც განაცხადა, რომ აკრძალავს “ისლამისტურ იდეოლოგიებს”, ქალების მიერ თავსაფრის (და არა მხოლოდ ჩადრის) ტარებას ქუჩაში, საჯარო სამსახურებში და საერთოდ, ნებისმიერ საჯარო ადგილას, იმ მიზეზით, რომ ეს “ტოტალიტარულ უნიფორმას” წარმოადგენს. ამგვარი შეზღუდვა სხვაგან არსად მოქმედებს და ამასთან, საფრანგეთში არსებულ 1905 წლის კანონსაც დაარღვევს, რომელიც სახელმწიფოს რელიგიური კულტებისაგან გამიჯვნასთან ერთად, ყველა რელიგიური კულტის თანასწორობასაც ადგენს, რადგან ლე პენი მხოლოდ თავსაფრის აკრძალვას აპირებს და არა სხვა რელიგიების მიმდევართათვის დამახასიათებელი სამოსის თუ თავსაბურავისა.
საშუალო ვადაში ევროკავშირიდან გასვლა
ოფიციალურად, მარინე ლე პენმა 2017 წლიდან საკუთარი პროგრამიდან ამოაგდო ევროკავშირიდან გასვლის პირობა, თუმცაღა ამბობს, რომ აპირებს “მთელი რიგი ტექსტებისა და შეთანხმებების გადახედვას, თავად ევროკავშირის ხელშეკრულების ჩათვლით.”
ლე პენი ასევე ითხოვს “ეროვნული კანონმდებლობის უპირატესი უფლების” დაწესებას, სასაზღვრო კონტროლის აღდგენას ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროკავშირის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების რაოდენობის ერთპიროვნულ შემცირებას. ყოველივე ამის განხორციელება კი, პრეზიდენტ მაკრონისა და საკითხის ექსპერტების თქმით, არა მხოლოდ საფრანგეთის სერიოზულ დაჯარიმებას გამოიწვევს, არამედ – საშუალოვადიან პერსპექტივაში – ევროკავშირიდან მის გარიცხვასაც.
საგარეო პოლიტიკა
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მარინე ლე პენი აპირებს საფრანგეთის ნატოს გაერთიანებული სარდლობიდან გაიყვანოს და ევროპაში “ახალი წესრიგის” ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, რომელიც “ევროპული ერი-სახელმწიფოების ალიანსს შექმნის და თანდათანობით ჩაანაცვლებს ევროკავშირს. ამ ალიანსში ლე პენი უნგრეთსა და პოლონეთსაც მოიაზრებს.
“როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება”, ლე პენი აპირებს “ნატოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული დაახლოებაზე” აიღოს გეზი. ხოლო გერმანიასთან, მისი თქმით, საფრანგეთს “სტრატეგიული ხასიათის გარდაუვალი შეუთავსებლობა” აქვს მთელ რიგ საკითხებზე, რაც ბერლინთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვს მთელი რიგი მიმართულებით.