სუსის ცნობით, ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილის საღამოს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ციხიდან გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი.
უწყების Facebook-ის გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მერებაშვილი უკვე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა.
სუს-ის თქმით, მერებაშვილის გათავისუფლებისათვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელ ხაზი“, ასევე, ცენტრალური მთავრობის ხელთ არსებულ „სხვა ინსტრუმენტები“ გამოიყენეს.
„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, — აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„სამოქალაქო საქართველოსთვის“ ჯერჯერობით უცნობია, როდის დააკავეს მერებაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)