აუდიოჩანაწერები ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ბიზნესმენს შორის სავარაუდო გარიგებას ასახავს
Youtube პლატფორმაზე ანონიმურმა არხმა – „Cyber Kmara-მ“ 25 აპრილს ორი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლებიც ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს მაგნატ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის სავარაუდო ბიზნესგარიგების საუბარს ასახავს.
პირველ ჩანაწერში, რუსი მაგნატი, კორპორაცია „Sistema JSFC-ის“ ყოფილი თავმჯდომარე და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი, სავარაუდოდ, ივანიშვილს ეუბნება, რომ მისი მოადგილე, ალი უზდენოვი და კიდევ ერთ მამამაცი სახელად დავითი – სავარაუდოდ ეთნიკურად ქართველი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ან „Sistema-ს“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, დავით იაკობაშვილი – საქართველოს მარცვლეულის საკითხის განსახილველად ეწვევიან.
„ეს შენც დაგაინტერესებს და სხვებსაც“, – ამბობს, სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენი ჩანაწერში, რომელიც 10 მარტით არის დათარიღებული. „თუ ამ საქმეში ჩაერთვები, მე ამას გავაკეთებ“.
მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მან რუსეთიდან ჩამოსული ორი სტუმარი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაგზავნა.
„იგი [ირაკლი ღარიბაშვილი] ახალგზარდაა და ყველაფერს მოაგვარებს. მე მას ვუთხარი რა უნდა გააკეთონ და, ახლა, ალბათ, ისინი ერთმანეთს ხვდებიან“, – ამბობს, სავარაუდოდ, ივანიშვილი ჩანაწერში.
ამავე ჩანაწერის თანახმად, ამის შემდეგ, სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენლებს თავადაც შეხვდეს. შედეგად, მოსაუბრეები თანხმდებიან, რომ შეხვედრა მომდევნო დღეს შედგება.
ევტუშენკოვი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ 13 აპრილს მოექცა. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ნოტის თანახმად, ოლიგარქი კრემლისთვის სარგებლის მიღებაში მონაწილებდა ან ეხმარებოდა მის მფლობელობაში არსებული „Sistema JSFC-ით“, რომელიც რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონგლომერატია.
სანქციების დაწესებისთანავე ევტუშენკოვმა „Sistema-ს“ საკონტროლო პაკეტი დათმო და აქციათა 10% საკუთარ ვაჟს, ფელიქს ევტუშენკოვს გადასცა. „როიტერსის“ 13 აპრილის ცნობით, შედეგად, „Sistema-ში“ ევტუშენკოვის წილი 49.2%-მდე შემცირდა, მისი ვაჟის კი – 15.2%-მდე გაიზარდა.
ჩანაწერებში ნახსენები ალი უზდენოვი „Sistema JSCFC-ის“ უფროსი მმართველი პარტნიორი და მმართველი საბჭოს წევრი, ასევე „Sistema JSCFC-ის“ შვილობილი კომპანია „Steppe Agroholding-ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
„Steppe Agroholding-ი“ მარცვლეული კულტურების მოსავლის წარმოებაში მსხვილი მოთამაშეა, კრასნოდარის, სტავროპოლისა და როსტოვის რეგიონების1.5 მლნ ტონაზე მეტი წლიური მოსავლიანობით, მათ შორის, წელიწადში 700 000 ტონა ხორბლით.
ამასთან, სავარაუდოდ, ჩანაწერში ნახსენები დავით ხიდაშელი 2007-2014 წლებში „Sistema JSFC-ის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მსახურობდა.
დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმეშიც გამოჩნდა, რომელზეც გამოძიება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანისთვის სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის დათმობის მუხლით დაიწყო. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის რუკების მოძიება სწორედ დავით ხიდაშელს დაავალა.
მეორე ეთნიკურად ქართველმა მაგნატმა და „Sistema JSFC-ის“ დირექტორთა საბჭოს აწ უკვე ყოფილმა წევრმა, დავით იაკობაშვილმა თანამდებობა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ანა ბელოვასთან ერთად თანამდებობა 25 აპრილს დატოვა.
ოპოზიციის გამოხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ, შესაძლოა, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილთან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან აცილების სქემაზე მუშაობს.
მისივე ვარაუდით, ეს საუბრების მხოლოდ „პატარა ფრაგმენტია“ და არსებობს სხვა ნაწილებიც. მისივე თქმით, შესაძლოა, ვინმეს უბრალოდ ივანიშვილის გაფრთხილება სურს, რომ „თუ მანდ მომავალში წესიერად არ მოიქცევი, ჩვენ ყველაფერი გვაქვს და სანქციები დაგედებაო“.
„მაგრამ ესეთი გაფრთხილებები, როგორც წესი, ოლიგარქებზე არ ჭრის“, – დასძინა ცისკარიშვილმა.
„ამ ჩანაწერის გარდა, სხვა ტიპის დამატებითი ინფორმაციაც, ალბათ, უკვე, სავარაუდოდ, აქვთ შესაბამის დაზვერვით სამსახურებს, ისევე, როგორც ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და პარტნიორებს კიევში“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ დიდი ალბათობით, რუსული კონტრაბანდის გატარებაზე კიევის ბრალდებაც სწორედ ამგვარ ცნობებს ეყრდნობოდა.
პარტია ლელო საქართველოსთვის განცხადებით, თუკი ჩანაწერები ავთენტურია, „შესაძლოა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენაში დამნაშავედ ჩაითვალოს“.
მათვე მოუწოდეს პრემიერ ღარიბაშვილს „დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს“ ინფორმაცია იმის შესახებ ჰქონდა თუ არა შეხვედრა, სანქცირებული რუსი მაგნატის წარმომადგენლებთან.
„რუსეთისათვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა დღეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადეს პარტიაში და დასძინეს, რომ „ყველანაირი ეჭვი, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნატო-ს მოახლოვებულ ისტორიულ სამიტზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პოზიტიურად შეფასებას“.
მმართველი გუნდის გამოხმაურება
დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერები ავთენტური რომც იყოს, „აქ, ბუნებრივია, არაფერზეა საუბარი… საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე“.
„ის, რომ საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ ურთიერთობებს [რუსეთთან], ამაში არაფერი არ არის არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინაც ინარჩუნებს ამ ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელებულა, შესაძლოა, ოპოზიციის სავარაუდო „რევოლუციური“ სცენარის ნაწილი იყოს.
დღესვე, ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ ისინი დამონტაჟებულია.
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, „იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეულ იქნეს ომში“. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, თემის „აქტუალიზება“ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მთავრობისადმი კრიტიკულმა მედიამ და მოძრაობა „სირცხვილიამ“ ერთობლივად მოახდინეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)