ურთიერთგამომრიცხავი ცნობები რუსი ბიზნესმენისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის თაობაზე
მედიის ცნობით, სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა ვლადიმირ ევტუშენკოვმა დაადასტურა, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი მარტში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ევტუშენკოვთან ასოცირებულმა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა ცნობები უარყო.
ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, 25 აპრილს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს მოჰყვა, რომელთა თანახმადაც, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების ფონზე, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ბიზნესგარიგებას სთავაზობს. ჩანაწერების თანახმად, ივანიშვილმა უზდენოვი და ხიდაშელი შესახვედრად პრემიერ ღარიბაშვილთან გაგზავნა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ევტუშენკოვმა მათთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ უზდენოვი ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად შეხვდა და მასთან დასვენების საკითხი განიხილა.
ევტუშენკოვმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა იყო უზდენოვის საქმიანი ვიზიტის მიზანი, თუმცა თქვა, რომ ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. მანვე ბიძინა ივანიშვილთან რაიმე საქმიანი ურთიერთობაც უარყო და თქვა, რომ მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
გავრცელებული აუდიოჩანაწერების შეფასებისას, ევტუშენკოვმა აღნიშნა, რომ „მილიონობით“ ასეთი ჩანაწერი გავრცელებულა, თუმცა მათგან ბევრი ყალბია.
დღესვე, ტელეკომპანია „იმედმა“ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიმართვა გამოქვეყნა, სადაც იგი ამბობს, რომ ალი უზდენოვთან ერთად ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და არა პრემიერ ღარიბაშვილს.
„მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა. თუმცა, პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნესსექტორთან“, – განაცხადა მან და იქვე განმარტა, რომ ისინი არც ბიძინა ივანიშვილს შეხვედრიან.
დავით ხიდაშელმა, რომელიც კორპორაცია „Sistema JSFC-ის“ აღმასრულებელ რგოლში მუშაობდა, განმარტა, რომ უზდენოვთან იგი ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანის შესაძლებლობას განიხილავდა. „ბიზნესსექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, – ხაზი გაუსვა მანვე.
ხიდაშელმა ასევე განმარტა, რომ საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა გადაწყვიტა და გეგმაში ღვინის ექსპორტის „მნიშვნელოვანი ზრდა“ აქვს.
ოფიციალური თბილისი კიევის კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ 4 აპრილს მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.
ოფიციალურმა თბილისმა ბრალდებები უარყო. 8 აპრილს პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არასდროს დაუშვებს სანქცირებული პროდუქციის გატარებას.
საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ დაიცავდა რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, თუმცა უარი თქვა ამ უკანასკნელისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაზე.
სანქციების დაწესებაზე საქართველოს მთავრობის მკაციო უარმა თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები დაძაბა. შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩიც გაიხმო.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
- თბილისი: უკრაინამ რუსული კონტრაბანდის გატარების ბრალდებაზე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა
- ოფიციალური თბილისი კიევის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევას პასუხობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)