შფოთი მოლდოვაში: უცნაური ესკალაცია
რა ხდება:
მოლდოვის ოკუპირებულ ნაწილში, დნესტრისპირეთში, დაძაბულობამ მკვეთრად მოიმატა. ოფიციალური კიშინიოვიც და დნესპირპირეთის “მთავრობაც” ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, ამის მიუხედავად, ინციდენტები გრძელდება.
კერძოდ რა ხდება სახიფათო?
- გუშინ ღამით, 27 აპრილს დნესტრიპირეთის “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ცნობით სადაზვერვო დრონებმა გადაუფრინეს კოლბასნე/კობასნეს ახლოს არსებულ უზარმაზარ საბჭოეთისდროინდელ ტყვიაწამლის საწყობს, შემდეგ კი, უკვე დილით მათი თქმით უკრაინის მხრიდან გაისროლეს.
- 26 აპრილს აფეთქდა ტელე-რადიო რეტლანსლატორი დაბა მაიაკში, რომელიც რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა.
- 25 აპრილს, ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა ჭურვმყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს დნესტრისპირეთის “კაგებეს” შენობას ტირასპოლში.
- 25 აპრილსვე, დნესტრისპირეთისვე “შსს-ს” ცნობით დრონმა ორი ყუმბარა ჩამოაგდო საავიაციო ნაწილის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ერთი სატვირთო ავტომობილი დაზიანდა.
რას ამბობენ კიშინიოვი და ტირასპოლი?
გუშინ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების უმაღლესი საბჭო მოიწვია და მისი დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მიღებული იქნა სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერების და ადმინისტრაციულ საზღვართან საბუთების შემოწმებების გაფართოების გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ ტირასპოლში არსებობს “გარკვეული შიდა დაპირისპირებები” და სწორედ ამას დაუკავშირა იქაურ “კაგებეზე” შეტევა. მან ნათლად გამოთქვა დეესკალაციის სურვილი და დნესტრისპირეთის ლიდერებსაც ამისკენ მოუწოდა.
დნესტრისპირეთმა 26 აპრილს “ტერორისტული საფრთხის “წითელი” დონე” გამოაცხადა, ტირასპოლის შესასვლელთან გაჩნდა ბლოკპოსტები. დნესტრისპირეთის მეთაურმა ვადიმ კრასნოსელსკიმ 26 აპრილსვე განაცხადა, რომ თავდასხმების კვალი უკრაინისკენ მიდის და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდანვე დნესტრისპირეთი ნეიტრალობას ინარჩუნებს “ჩვენ არ ვართ აგრესორები, არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ მეზობლებზე [უკრაინაზე] თავდასხმას,” განაცხადა მან. კრასნოსელსკიმ მოლდოვას ხელისუფლებას სთხოვა “არ წამოეგონ პროვოკაციაზე” და მოუწოდა ამისთვის არსებულ ფორმატებში განიხილონ შესაძლო უთანხმოებები.
რა “შიდა უთანხმოებებზე” საუბრობს სანდუ?
მოლდოველი ანალიტიკოსის დიონის ჩენუშას ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დნესტრისპირეთის “უშიშროებამ” მოლდოვას გადასცა თავის ოფისზე თავდასხმის ინიციატორთა რვაკაციანი სია. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა, მათ კოორდინატორად კი რუსი გენერალ-მაიორი, ვიტალი რაზგონოვია, რომელიც 2019 წელს რუსეთმა კრასნოსელსკის “მრჩევლად” მოავლინა. ჩენუშას აზრით ეს “გაჟონვა” თუ მართალია, მოსკოვიდან მართული სამხედროები დნესტრისპირეთის “ლიდერების” გვერდის ავლით აწყობენ პროვოკაციების სერიას. როგორც მოსალოდნელია, დნესტრისპირეთი ოფიციალურად უარყოფს ამ ინფორმაციასაც და ნებისმიერ შიდა უთანხმოებასაც.
გამოდის, დნესტრისპირეთი რუსეთს მხარს არ უჭერს?
უჭერს, მაგრამ უკრაინასთან ომში ჩაბმა არ სურს. დნესტრისპირეთი ერთადადერთი ოკუპირებული ტერიტორიაა ყოფილი სსრკ-ს სივრცეში, რომელიც რუსეთს პირდაპირ არ ესაზღვრება. მიუხედავად რუსეთისადმი სიმპატიებისა და ლოიალური დამოკიდებულებისა, ფაქტია ისიც, რომ დნესტრისპირეთი ინდუსტრიულად განვითარებული მხარეა. აქაურმა ბიზნესმენებმა და ოლიგარქებმა 2000-იან წლებში სარფიანი ვაჭრობა გამართეს ევროკავშირის ქვეყნებთან, ოფიციალური მოლდოვის თანხმობითა და მისი გავლით. ამ ბიზნესის დაკარგვა დნესტრისპირელებს სულაც არ სურთ.
როგორც დნესტრისპირეთის “საგარეო მინისტრმა” რუსულ სააგენტო “ინტერფაქსთან” ინტერვიუში თქვა, “დნესტრისპირეთმა განვითარების ვექტორი რუსეთისკენ აიღო,” თუმცა ხაზი გაუსვა “ინტეგრაციის დონეს ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთო”. მანვე მკვეთრად უარყო დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობა.
რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში?
ტირასპოლისა და კიშინიოვის სიფრთხილის ფონზე, რუსული მედია და მეორე ეშელონის პოლიტიკური ფიგურები აქტიურად ალაპარაკდნენ დნესტრისპირეთში “რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის” შესახებ. ჯერ კიდევ 22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის ოფიციალურ მიზნად დაისახა დნესტრისპირეთის შემოერთება. ამავე დღეს, ვიქტორ ვოლოდაცკიმ, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება აღიაროს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა და პრეზიდენტ მაია სანდუს “ნაცისტი” უწოდა.
რუსულ მედიაში დაიწყო დეზინფორმაციების შეშხაპუნებაც. ყირიმის ოპერაციისას ცნობილმა იგორ სტრელკოვმა (იგივე იგორ გირკინმა) ინტერვიუში განაცხადა, რომ რუმინეთი მოლდოვის ოკუპაციას აპირებსო და ვითომდა რუმინელი ოფიცრების მიერ მოლდოვის შეიარაღებულ ძალებში საკვანძო პოზიციების დაკავებაზე ისაუბრა. მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა ასევე სერგეი მარკოვმა, კრემლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ‘ანალიტიკოსმა’ გუშინ, 26 აპრილს.
უკრაინის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის შენაერთები სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი (ამას არც დნესტრისპირეთისა და არც მოლდოვის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს). მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა გუშინ თქვა, რომ რუსეთი აპირებს დნესტრისპირეთის ომში ჩათრევას და მოლდოვას “სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვას” შეპირდა.
მეორე უკრაინელმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია დნესტრისპირეთზე კონტროლის დამყარება, თუკი მოლდოვა ამას სთხოვთ. მოლდოვა ხაზს უსვამს, რომ ის ნეიტრალური სახელმწიფოა.
ამავე დროს, უკრაინაში, მოლდოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ რუსულმა ძალებმა ლიმანის ხიდი დააზიანეს, რომელიც ოდესას უკრაინის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით განლაგებულ ოდესის რაიონთან აკავშირებს.
რატომაა ესკალაცია უცნაური?
დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო კავშირის გაჭრა უკრაინაში რუსული სამხედრო გეგმის ნაწილი ომის დასაწყისიდანვე იყო. თუმცაღა, არსებული სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, ოდესის ხელში აღება ხმელეთიდან ან ზღვიდან რუსებისთვის შეუძლებლად მოჩანს.
დნესტრისპირეთში არსებული რუსული დაჯგუფება – 2000-მდე ჯარისკაცი – ფრიად მცირეა იმისათვის, რომ ოდესას სერიოზულად დაემუქროს. ასეც რომ არ იყოს, ამ ძალების გამოსაყენებლად მოსკოვს დნესტრისპირეთში პროვოკაციების “დადგმა” არ უნდა ჭირდებოდეს. ხოლო თუკი დნესტრისპირეთის მოსახლეობის მობილიზაციაზეა საუბარი (აქაური ძალები ქაღალდზე 5000-მდე ჯარისკაცს ითვლიან), ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი უკრაინაში ბრძოლის სურვილით იწვოდნენ მაშინ, როცა თავისუფლად შეუძლიათ მოლდოვისკენ გადასვლა და ევროკავშირისთვის თავის შეფარება.
ბევრად უფრო სახიფათო იქნება თავად მოლდოვის დესტაბილიზაცია. აქ პრო-რუსული ძალების გავლენა დიდია, ხოლო პრო-ევროპული სანდუს კოალიციის პოზიციები – მყიფე.
რას უნდა ველოდეთ?
რუსული პროპაგანდის ტემპით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს კვირაში ამ ესკალაციის კვანძი უნდა გაიხსნას. ან ლაპარაკს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება – მაგალითად, მოლდოვასთან მიმდებარე რაიონებში რუსული ძალების დესანტირების მცდელობა – ან ეს კრიზისი ჩაიფერფლება.
ასეა თუ ისე, ესკალაციამ კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩინა მოლდოვური “ნეიტრალიტეტის” სიმყიფე, როგორც აქაურებისთვის, ისე დასავლელი პარტნიორებისთვის. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროკავშირმა გუშინვე მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს კიშინიოვს.