პოლიტიკური რეიტინგები და ინსტიტუციების მიმართ დამოკიდებულება IRI-ის კვლევაში
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებულის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულების 60%-ს პოლიტიკურ სცენაზე ახალი ძალის გამოჩენა სურს, 30% კი – არსებული არჩევნით კმაყოფილია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასახავს მოქალაქეების განწყობებს მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და სხვ.
ქვემოთ პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო ფიგურების მიმართ მოქალაქეთა განწყობებია წარმოდგენილი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე და შესაბამისი ასაკის 1 486 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.
მოწონების რეიტინგი
გამოკითხვის თანახმად, 92%-ით მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II იმ საჯარო ფიგურათა სიის სათავეშია, რომელთა მიმართაც მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი. მის მიმართ უარყოფითად მხოლოდ 4%-ია განწყობილი.
პოლიტიკოსთა შორის, დადებითი შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 53% კახა კალაძეს აქვს, შემდეგ 52%-ით სალომე ზურაბიშვილი მოდის, 47%-ით კი – ირაკლი ღარიბაშვილი.
პრეზიდენტის მიმართ უარყოფითად 45%-ია განწყობილი, პრემიერის მიმართ 48%.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ დადებითად რესპონდენტების 46%-ია განწყობილი, პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის მიმართ 44%, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ კი – 40%.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ დადებითად დადებითად განწყობილთა მაჩვენებელი 38%-ია, უარყოფითად კი – 56%, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ კი – 37% და 58%.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი გამოკითხულთა 27%, უარყოფითად 39%, 14%-ს კი – მის შესახებ საერთოდ არ სმენია.
გამოკითხულების 31%-31% დადებითად არიან განწყობილნი ყოფილ პრემიერისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფითად კი – 60%-60%.
რაც შეეხება ინსტიტუტებს, მათ მიმართ დადებითად განწყობილთა სიის სათავეში 84%-ით ქართული ჯარია, მას 81%-ით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოსდევს. მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი 12% და 14%-ია.
რწმუნებულების მიმართ დადებითად 27%-ია განწყობილი, პროკურატურის მიმართ 28%, ეროვნული ბანკის მიმართ 29%, სასამართლოების მიმართ 38%.
პარტიების მიმართ მხარდაჭერა
კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტების 31%-მა პირველ არჩევნად ქართული ოცნება დაასახელა; შემდეგ მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16%-ით.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 4%-მა დაუჭირა ხმა, ხოლო დროამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, ხალხისთვის და ლელომ 2% მიიღო თითოეულმა.
რესპონდენტების 1%-მა, თითოეულს, პატრიოტთა ალიანსს და კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფორს დაუჭირა მხარი.
ასევე 1%-1%მა დაუჭირა მხარი, გირჩი – მეტი თავისუფლებას და მოქალაქეებს. რესპონდენტების 11%-მა განაცხადა, რომ ბიულეტენებს გააფუჭებენ. 12%-მა აღნიშნა, რომ არ იცის, ხოლო 7%-მა უარი თქვა პასუხზე.
კითხვაზე – რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში? – 35%-მა ნაციონალური მოძრაობა დაასახელა, 27%-მა – ქართული ოცნება, 19%-მა – პატრიოტთა ალიანსი, 18%-მა – ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი, ხოლო 16%-მა – გირჩი – მეტი თავისუფლება (რესპონდენტებს სამი პასუხის მონიშვნა შეეძლოთ).
რაც შეეხება არჩევნებს, რესპონდენტების 20%-მა განაცხადა, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, ხოლო 14%-მა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი არიან, ვიდრე ქართული ოცნების მიმართ. მეორე მხრივ, 23%-მა განაცხადა, რომ ისინი ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს, ხოლო 16%-მა აღნიშნა, რომ ისინი ქართულ ოცნების მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი არიან, ვიდრე ოპოზიციის მიმართ.
რესპონდენტების 24% არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ უჭერს მხარს და არც კეთილგანწყობილია ვინმეს მიმართ.
კვლევის თანახმად, ქართველების უმეტესობას სურს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალები იხილოს. რესპონდენტების 60%-ს სურს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს, ხოლო 30% არსებული არჩევნითაც კმაყოფილია.
კითხვაზე – ენდობიან თუ არ ენდობიან ისინი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს? – 23%-მა ნდობა გამოხატა და 23%-მა – უნდობლობა. რესპონდენტების 53%-მა განაცხადა, რომ მათ არც ნდობა და არც უნდობლობა აქვთ ქართული პოლიტიკური პარტიების მიმართ.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები
რაც შეეხება 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რესპონდენტების 32%-მა განაცხადა, რომ არჩევნები სრულიად თავისუფალი და სამართლიანი იყო. 25%-მა გარკვეულ პრობლემებზე მიუთითა, თუმცა შეაფასა როგორც ზომიერად თავისუფალი და სამართლიანი. 13%-მა აღნიშნა, რომ არჩევნები სულაც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო 19%-მა განაცხადა, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა და შედეგების სიზუსტეც ეჭვქვეშ დააყენა.
რესპონდენტების 54%-მა სრულიად ან გარკვეულწილად დარწმუნებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სანდო არჩევნების ორგანიზება შეუძლია. 41%-ს კი – ნაკლები და არანაირი ნდობა აქვს ამ კუთხით.
ქართული საზოგადოება დიდწილად გაყოფილია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მაშინ, როდესაც რესპონდენტების 49% დიდწილად ან გარკვეულწილად ემხრობა ამ მოთხოვნას, 36% დიდწილად ან გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მას. 10% აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არაფერს შეცვლის/აზრი არ აქვს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)