საქართველოს ახალმა ელჩმა ისლანდიის პრეზიდენტსა და დანიის დედოფალს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ახალმა ელჩმა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნატა მენაბდემ 27 აპრილს ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს, ხოლო 8 მარტს დანიის დედოფალს, მარგრეტე II-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ახალ ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ისლანდიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ მათ განიხილეს „საერთაშორისო სოლიდარობა უკრაინასთან, 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და მომავალში გაზრდილი თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ ჰიდროენერგეტიკის სფეროში“.
ამასთან, დანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა და დედოფალმა მარგრეტემ ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მენაბდეს ელჩად დანიშვნას 2021 წლის 22 ოქტომბერს, მთავრობის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენის მეორე დღეს მოაწერა ხელი.
დანიასა და ისლანდიაში ახალი ელჩი, ნატა მენაბდე მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) მუშაობდა და 2015-2021 წლებში გაეროში მისი ოფისის ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე, 2010-2015 წლებში იგი WHO-ს ინდოეთის ოფისს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-2010 წლებში WHO-ს ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორი იყო.
რაც შეეხება განათლებას, მენაბდეს დოქტორის ხარისხი აქვს ფარმაკოლოგიაში და მაგისტრის ხარისხი ფარმაციაში.
მენაბდემ გიგი გიგიაძე შეცვალა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლებასთან უთანხმოება მას შემდეგ მოუვიდა, რაც „აზერბაიჯანისთვის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 2021 წლის დასაწყისში ელჩის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გიგიაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში განაგრძო მუშაობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)