ახალგორელებთან შეხვედრაზე ბიბილოვმა გამშვები პუნქტების გახსნაზე ისაუბრა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე დანარჩენ საქართველოსთან გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნაზე ისაუბრა.
„გამშვები პუნქტების გახსნა ორი გზითაა შესაძლებელი – დიპლომატიური გზით და რუსეთთან მიერთებით. მოტყუებით გზის გახსნა არ შეიძლება“, – დაწერა მან გუშინ ტელეგრამის არხზე შეხვედრის შემდეგ.
როგორც ჩანს, ბიბილოვის სამიზნე მისი კონკურენტი ალან გაგლოევი იყო ოპოზიციური პარტიიდან „ნიხასი“, რომელიც, სავარაუდოდ, ახალგორელებს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, 2019 წლიდან ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს გახსნიდა.
„ჩემთვის გზის გახსნა ჰუმანიტარული საკითხია. ვიცი, რომ პრაქტიკულად ყველა აქ მყოფ ადამიანს საზღვრის მეორე მხარეს ნათესავები, შვილიშვილები, შვილები ჰყავს, ვისთვისაც ლენინგორის მაცხოვრებლებს პროდუქტები მიაქვთ და ვისი ნახვაც სურთ“, – დაწერა ბიბილოვმა.
„ახლა ცდილობენ, რომ ამ საწყალ ხალხს მოატყუონ, მათი იმედებით ისარგებლონ და მათი საჭიროების პოლიტიზირება მოახდინონ“, – აღნიშნა მან.
„თქვენ გგონიათ, არ ვიცოდი, რომ თუ გზას დავკეტავდი, ლენინგორის რაიონი ხმას არ მომცემდა? ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ მისი დაკეტვა აუცილებელი იყო. თუმცა, ხმების გულისთვის ხალხის მოტყუებას და ტყუილი დაპირებებით კვებას არ ვაპირებ“.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხმა მისცა არჩევნებზე, მე თუ სხვას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მიცემული ხმა – ეს პოზიციაა და ამ პოზიციის ფორმირება ტყუილის გზით შეუძლებელია“, – დასძინა ბიბილოვმა.
- ბიბილოვი ახალგორელებს: დანარჩენ საქართველოში გადასვლა კვლავაც შეზღუდული იქნება
- აღდგომის დღესასწაულისთვის ცხინვალი გამშვებ პუნქტებს დროებით ხსნის
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ცხინვალის რეგიონში 8 მაისს გაიმართება. 10 აპრილს გამართულ პირველ ტურზე ოპოზიციის ლიდერმა ალან გაგლოევმა 10 707 ხმა (38.55%), ხოლო ბიბილოვმა 9 706 ხმა (34.95%) მიიღო.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, რომ გაგლოევმა ბიბილოვზე ოთხჯერ მეტი ხმა მიიღო ახალგორში, სადაც დაახლოებით 2 500 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, რაც რაიონის მოსახლეობის 55.5%-ია.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ახალგორის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული ოძისის გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში დახურვამდე ყოველდღიურად, დაახლოებით, 400 ადამიანს ემსახურებოდა.
ბიბილოვმა ეტაპობრივად ხუთივე გამშვები პუნქტი დახურა და ამის მიზეზად, ჩორჩანა-წნელისის კრიზისისა და კოვიდ-19 პანდემიის ფონზე, თბილისიდან მომავალი საფრთხეები დაასახელა.
გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა ჰუმანიტარული სიტუაცია დაამძიმა, რაც ძირითადად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მიღებისთვის გადმოსვლის დაყოვნებასა და ჯანდაცვის მომსახურების ნაკლებობაში გამოიხატა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბიბილოვის ადმინისტრაციამ დროებით სამი გამშვები პუნქტი, მათ შორის, ოძისი გახსნა.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ცხინვალში მიერთების კამპანია დაიწყეს
- ცხინვალი ოძისისა და ქარზმანის გამშვები პუნქტების გადაკვეთისთვის ნებართვების გაცემას განაგრძობს
- ცხინვალმა ახალგორელი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა
- გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ახალგორელი პაციენტი ემსხვერპლა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)