ნენსი პელოსიმ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ 28 აპრილს კონგრესში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.

„კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ კვლავ ურყევად ვუჭერთ მხარს მათ სუვერენიტეტს რუსული აგრესიის ფონზე“, – დაწერა პელოსიმ Twitter-ზე.

მისი თქმით, 27 აპრილს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციას.

„ეს ორპარტიული აქტი ითვალისწინებს სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევებში მონაწილეობდნენ“, – დასძინა სპიკერმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ მათ უკრაინის შესახებ, ასევე რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის თაობაზე ისაუბრეს და საქართველოსთვის აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილეს.

„როგორც ქალ ლიდერებს, ჩვენ ძლიერი ხმა უნდა გვქონდეს კონფლიქტის წინააღმდეგ და მშვიდობის დასაცავად“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)