საზოგადოების განწყობები ეკონომიკაზე, დემოკრატიასა და კოვიდ-19-თან გამკლავებაზე
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ეკონომიკა კვლავ იმ საკითხებს შორისაა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს. ამასთან, დემოკრატიის, როგორც ქვეყნის მართვის საუკეთესო ფორმის მიმართ რწმენა შემცირდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასახავს მოქალაქეების განწყობებს მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და სხვ.
ქვემოთ, რესპონდენტთა ღირებულებების, ასევე ეკონომიკაზე და კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ მათი განწყობების ძირითადი მიგნებებია წარმოდგენილი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე და შესაბამისი ასაკის 1 486 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.
ეკონომიკა მოქალაქეთა მთავარ წუხილად რჩება
ქვეყნის წინაშე არსებულ ორ მთავარ პრობლემად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას რესპონდენტების 40%-მა უმუშევრობა დაასახელა, 18%-მა მაღალი ფასები, 8%-მა გარე კონფლიქტები და ომი, 5%-მა კი – სხვა ეკონომიკური პრობლემები ან ზოგადად ეკონომიკა.
მთავარ გამოწვევად, საერთო ჯამში, უმუშევრობა პირველ და მეორე პასუხად რესპონდენტების 59%-მა დაასახელა.
უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება ადგილობრივ დონეზეც. კითხვაზე, დაესახელებინათ მათ ქალაქსა თუ სოფელში არსებული ორი მთავარი პრობლემა, რესპონდენტების 33%-მა სწორედ უმუშევრობა დაასახელა, მას 7%-ით მაღალი ფასები მოსდევს, 7%-ით სიღარიბე, 6%-ით კი – წყალი.
რესპონდენტების 85%-მა საქართველოს მომავლის უდიდეს გამოწვევად ეკონომიკური განვითარება დაასახელა, შემდეგ კი – დაკარგული ტერიტორიები და უმუშევრობა. რესპონდენტებს სამი პასუხის დასახელების შესაძლებლობა ჰქონდათ.
საგულისხმოა, რომ ინტერვიუირებულების 76%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლის განმავლობაში გაუარესდა, 6%-მა თქვა, რომ გაუმჯობესდა, 16%-ის მოსაზრებით კი – იგივე დარჩა.
განათლებაა კიდევ ერთი ის საკითხი, რომელზეც გამოკითხულების უმრავლესობა (56%) ფიქრობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა. აგრეთვე, რესპონდენტების 32%-32% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით.
დემოკრატიის მიმართ რწმენა
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ 64%-მდე შემცირდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატია საქართველოსთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. 2021 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენდა.
ამასთან, იმ მოქალაქეების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ არსებობს მმართველობის სხვა ფორმები, რომლებიც „ჩვენი ქვეყნისთვის თანაბრად კარგია“ 11%-დან 21%-მდე გაიზარდა.
45%-დან 53%-მდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილიც, ვინც ძლიერ ან გარკვეულწილად კმაყოფილია საქართველოში არსებული დემოკრატიის მდგომარეობით.
2021 წლის ივნისთან შედარებით, 61%-დან 71%-მდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს პოლიტიკა პოლარიზაციისკენ მიდის.
პოლიტიკური თანხმობის მისაღწევად, გამოკითხულების 40%-მა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, თუკი გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები პოლიტიკას ჩამოსცილდებიან. 38%-მა ამისთვის იმ მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს დანაშაულები ჩაიდინეს. რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის შესაძლებლობა ჰქონდათ.
პოლიტიკური თანხმობის ერთ-ერთ საშუალებად რიგგარეშე არჩევნები გამოკითხულების მხოლოდ 22%-მა დაასახელა.
საგულისხმოა, რომ ქართველების ნახევარი მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გრძელვადიანი თანხმობის მიღწევის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს. რესპონდენტების 26%-მა აღნიშნა, რომ მათ შორის თანხმობა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, 24%-ის მოსაზრებით კი – გარკვეულწილად ნაკლებად არის სავარაუდო.
ამ ფონზე, რესპონდენტთა მხოლოდ 39% მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ხანგრძლივი თანხმობა ძალიან ან გარკვეულწილად სავარაუდოა. 9%-ის მოსაზრებით, თანაბრად შესაძლებელია რომ ეს მოხდეს ან არ მოხდეს. 12%-მა არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე.
კოვიდ-19-ის პანდემია
გამოკითხვამ აჩვენა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას რესპონდენტთა 47% საერთოდ არ აპირებდა, 43%-მა განაცხადა, რომ უკვე აცრილია. ამასთან, 2%-მა თქვა, რომ მალე აიცრება, ხოლო 4%-მა განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ აიცრება.
გამოკითხულების 64% ძალიან ან გარკვეულწილად კმაყოფილია მთავრობის რეაგირებით კოვიდ-19-ის პანდემიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელია 2021 წლის თებერვალთან (59%) და ივნისთან (60%) შედარებით გაიზარდა, ის 2020 წლის ივნისის მაჩვენებელთან (79%) შედარებით შემცირდა.
აგრეთვე, მატი რაოდენობა, ვინც კოვიდ-19-ის პანდემიაზე ხელისუფლების რეაგირებით კმაყოფილი იყო 2020 წლის ივნისში 41%-ს შეადგენდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 13%-მდე დაეცა, 2021 წლის ივნისიდან მთავრობის რეაგირებით კმაყოფილთა რაოდენობა 2022 წლის მარტში 17%-მდე გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- პოლიტიკური რეიტინგები და ინსტიტუციების მიმართ დამოკიდებულება IRI-ის კვლევაში
- საზოგადოების განწყობები უკრაინის, რუსეთისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)