„ომის გაჩაღების განზრახვაზე“ მმართველი გუნდის ბრალდებას მიხეილ სააკაშვილი პასუხობს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოში „ომის გაჩაღების განზრახვისა“ და ქვეყნაში „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობის თაობაზე მმართველი გუნდის ბრალდებები დღეს უარყო ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს???“, – დაწერა მან ცოტა ხნის წინ Facebook-ზე.

„კარგით რა!… ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი“, – დასძინა მანვე.


გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი „ხელისუფლების გადატრიალება“ იყო. რის შემდეგაც, კობახიძისვე მტკიცებით, იგი „თავის პარტნიორებთან“ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან და ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლასა და საქართველოს სახელით რუსეთთან ომში ჩართვას გეგმავდა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველას, მათ შორის სახალხო დამცველსაც, ვინც რაიმე ფორმით სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს საქართველოში „ომის გაჩაღება“ სურს.

კობახიძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზანი „დესტაბილიზაცია“, „რევოლუციის“ მოწყობა და „მასობრივი მკვლელობების“, მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერების მკვლელობების ორგანიზება იყო.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო „აქ იქნებოდა ომი. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“.

ომბუდსმენისა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების გამოხმაურება

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებებს „დაუსაბუთებელი“ და „ცილისმწამებლური“ უწოდა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

„ეს ადამიანები რუსეთის აგრესიის პირველი დღიდან გულშემატკივრობენ უკრაინის გაქრობას საერთოდ ევროპული რუკიდან და რუსეთის სამხედრო გამარჯვებას“, – განაცხადა ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

ლელოს დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ „ეს არის ავადმყოფური აზროვნების შედეგი“.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელის, ნათია მეზვრიშვილის შეფესებით კი – ირაკლი კობახიძის „ფანტაზიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჭორბიუროს თავმჯდომარე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)