ტოივო კლაარმა თბილისში ვიზიტი დაასრულა
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა 28 აპრილს თბილისში ვიზიტი დაასრულა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, 28 აპრილს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი, ასევე საქართველოს მხრიდან მეგობარი ქვეყნისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება და კიევისადმი საერთაშორისო დონეზე გამოჩენილი მხარდაჭერა განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების „ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიაზეც“ იმსჯელეს.
იმავე დღეს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ტოივო კლაარმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელსაც საფუძველი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა.
მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევაზეც გაამახვილეს ყურადღება.
ასევე 28 აპრილს, ტოივო კლაარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანსაც შეხვდა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.
თბილისში ვიზიტამდე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ორდღიანი ვიზიტით სოხუმსაც სტუმრობდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)