გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ პუტინის წინააღმდეგ კრიტიკა შეზღუდა
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ 2017 წლიდან, მმართველი პარტია მუშაობდა იმაზე, რომ Facebook-ზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პარტიის წევრთა კრიტიკა გამოევლინა და ამ ადამიანების „განეიტრალება“ მოეხდინა.
29 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ცენტრალურმა ოფისმა რაიონულ ორგანიზაციებს იმ ადამიანებთან საუბარი დაავალა, რომლებიც Facebook-ზე პუტინის შესახებ ცუდს წერდნენ.
ფოფხაძის თქმით, ამ ადამიანებს უხსნიდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა პარტიის ინტერესებში არ შედიოდა.
ყოფილმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ დავალების შესრულებაზე კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაავალეს.
ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არც ქართულ ოცნებას და არც უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა Facebook-ზე პუტინის კრიტიკის გამო სტიქაროსანი დასაჯა და სტიქარი გახადა.
გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება 2019 წლის თებერვალში, უზენაეს სასამართლოში სადავო დანიშვნებზე შიდაპარტიული უთანხმოებების შემდეგ დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)