ილია დარჩიაშვილი ერევანში სომხეთის ლიდერებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სომხეთში 29-30 აპრილის ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ორეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, მის სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს და ეროვნული კრების სპიკერ ალენ სიმონიანს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ორმა ოფიციალურმა პირმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის და თბილისსა და ერევანს შორის უწყვეტ თანამშრომლობას რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრემიერ ფაშინიანთან შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი – სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები მიმოიხილეს.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მაღალი პოლიტიკური დონის დიალოგი, თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების ფუნდამენტია.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ამავე ცნობით, ტურიზმის მზარდი ნაკადების გათვალისწინებით, მინისტრები ამ მიმართულებით დამატებითი ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანზიტული კავშირების კონტექსტში, მხარეებმა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის კორიდორის ჩამოყალიბებაში თბილისსა და ერევანს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების სპიკერ ალენ სიმონიანთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტის განცხადებით, სიმონიანმა ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ თბილისთან მჭიდრო კავშირების განვითარება და „ყველა მეზობლთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“ საჭირო ნაბიჯების გადადგმა ერევნის პრიორიტეტებს შორისაა.
ეს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, დარჩიაშვილის პირველი ვიზიტი იყო ერევანში.
მანამდე, 26-27 აპრილს იგი ბაქოს სტუმრობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ვიზიტი დაასრულა
- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით ზალკალიანს შეხვდა
- შალვა პაპუაშვილი ერევანს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)