სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2 მაისს ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ გერმანიის სრულ მხარდაჭერაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.
ამავე ინფორმაციით, უკრაინის საკითხზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას“.
„ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
When we talk of friends of #Georgia, #Germany is a great example. A lot to talk about in Berlin, including solidarity for Ukraine and full support for our European integration path. pic.twitter.com/izYtZeIVTV
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 2, 2022
სალომე ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ „ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას!“.
მანამდე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის პირველ დღეებში, ქართული ოცნების მთავრობამ მას ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრა, მათ შორის, გერმანიაში.
შედეგად, მან ბრიუსელსა და პარიზში არაფორმალური ვიზიტები დაგეგმა, სადაც საპრენგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ქართულმა ოცნებამ 15 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის რამდენჯერმე დარღვევის გამო, მათ შორის ევროპაში ვიზიტებითა და დიპლომატების დანიშვნაზე უარით, პრეზიდენტის წინაამდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ მთავრობა მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნაზე სავარაუდო უარს გააპროტესტებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრალდებას უარყოფს.
ასევე წაიკითხეთ:
- ნენსი პელოსიმ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა
- ევროკავშირიდან კითხვარის მიღების ფონზე პრეზიდენტი ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს
- მთავრობა-პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო დავისთვის საჭირო ცვლილებები მიიღე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)