ავსტრია: ევროკავშირმა სამეზობლოში პოლიტიკა უნდა შეცვალოს

ევროკავშირმა ძირეულად უნდა გადახედოს თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებას, თუკი სერიოზულად სურს უკრაინა წევრად მიიღოს და მას რუსეთის ქუსლქვეშ მოხვედრა აარიდოსო, უთხრა ავსტრიის საგარეო მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა, გაზეთ “ფაინეშნლ თაიმსს.”

შალენბერგის თქმით, რუსეთის აგრესია “გეოსტრატეგიულ შესაძლებლობას” ქმნის ევროპისათვის, რომელიც უფრო საფუძვლიან მიდგომას მოითხოვს, ვიდრე რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ანდა უკრაინისათვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.

“ძალები უნდა მოვიკრიბოთ და სახსრებიც იქეთ მივმართოთ, რა მიმართულებითაც განცხადებებს ვაკეთებთო,” უთქვამს შალენბერგს. მისი განცხადებით, ევროკავშირი სამეზობლოს მიმართ ნახევარზომებით ვეღარაფერს გახდება. “ვაკუუმი არ იქნება, ან ჩვენი მოდელი გაიმარჯვებს [სამეზობლოში] ან სხვისიო,” დაასკვნა მინისტრმა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის მეზობლებს, მაგალითად უკრაინასა და მოლდოვას, რუსული რევანშიზმის წინააღმდეგ უწევთო ბრძოლა.

შელენბერგმა ისიც უთხრა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მექანიზმი გადასახედია – სამეზობლოს ქვეყნებს სწრაფადვე უნდა მიეცეთ ერთიანი ბაზრის ნაწილზე წვდომა და თანაც ევროკავშირის კონკრეტულ ინსტიტუტებსა თუ პროგრამებში მალევე უნდა ჩაერთონ, რაც ევროკავშირის ფორმალურ ინსტიტუტებში გაწევრებისათვის გარდამავალ ნაბიჯად იქცევაო.

“24 თებერვალი წყალგამყოფად იქცა, მწამს რომ აქტიურად უნდა ვიფიქროთ და შემოქმედებითად მივუდგეთ საკითხს. ძველი გზით სიარულს, მზა შაბლონების გამოყენებას, რომლებიც ჯერ კიდევ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის გაწევრიანების დროინდელია, თავი უნდა ვანებოთო,” უთქვამს შელენბერგს.

გასულ კვირას შელენბერგის ნათქვამმა, უკრაინის გაწევრიანების საკითხი ახლანდელი კანდიდატი ქვეყნების წინმსწრებად არ უნდა განვიხილოთო, მთელ რიგ ევროპულ დედაქალაქებში, მათ შორის კიევშიც, გულისწყრომა გამოიწვია. ახლა მინისტრმა განმარტა, რომ ყველა იმ ქვეყანას სჭირდება მიხედვა, სადაც რუსეთი ვითარებას ურევსო – მათ შორის ალბანეთი, ჩრდილო მაკედონია და მოლდოვა დაასახელა. “ყველა მათგანს ევროპასა და ზოგადად, დასავლეთში უნდა მივუჩინოთ ნავთსაყუდელიო,” დააზუსტა საგარეო მინისტრმა.

განსაკუთრებით შელენბერგმა ინტერვიუში დასავლეთ ბალკანეთზე, ავსტრიის უშუალო მეზობლებზე გაამახვილა ყურადღება, ეს რეგიონი არა მხოლოდ ევროპის სამეზობლოა, არამედ ევროკავშირის ქვეყნებითაა გარშემორტყმული და მათი უგულვებელყოფა ძვირად დაგვიჯდებაო.

ბრიუსელს კი შალენბერგმა მოუწოდა, “ფინანსური ანგარიშების შემოწმებით და კანონებისთვის კირკიტით” შორს ვერ წავალთ, გაფართოება “იურიდიული, ბიუროკრატიული მიდგომით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ გეოსტრატეგიულ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთო.” აქვე აღნიშნა, წარსულის ფორმატები, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობა “აღარ მუშაობს, წარსულშიაო” და დაასკვნა, სამეზობლო პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომის შემუშავებაა საშურიო.

Source
Austria says EU must consider radical treaty change over Ukraine