უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლისა და საქართველოს ოფიციალური პირების ურთიერთბრალდებები
კიევსა და თბილისს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გააკრიტიკეს, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის თაობაზე ბუნდოვანი პოზიციის გამო გააკრიტიკა.
„ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 3 მაისს გავიდა, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი „რუსი ოლიგარქია“, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე. საქართველოს მთავრობის კრიტიკასთან ერთად, პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელები გრძნობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
გასულ კვირას, პოდოლიაკი Twitter-ზე ივანიშვილის რუსულ ბიზნესთან კავშირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევამ „აჩვენა, თუ რატომ თქვა საქართველოს ხელისუფლებამ უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“.
საქართველოს ოფიციალური პირების გამოხმაურება
პოდოლიაკის განცხადებებს ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძეც გამოეხმაურა.
„პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება ძალიან მარტივი – ჩაეძიოთ და მოიკითხოთ ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
„მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო“, – დასძინა მან.
პოდოლიაკი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამაც გააკრიტიკა.
„საინფორმაციო ომი გრძელდება… ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ეუბნებიან ხალხს, რა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მან.
„ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში, ის და კიდევ ბევრი სხვა“, – დასძინა ზარქუამ.
წარსული კრიტიკა
მსგავსი ურთიერთბრალდებები კიევსა და თბილისს შორის უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე დაძაბული ურთიერთობების გაგრძელებაა.
როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა კიევში, ბუჩასა და ირპინში ვერ შეძლო ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა, რადგანაც უკრაინის ხელისუფლება კვლავაც ეჭვქვეშ აყენებს თბილისის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების განხორციელებას.
ომის დაწყების დღიდან მმართველი პარტია არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების კრიტიკის სამიზნე.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად არაერთი აქცია გაიმართა.
ომის დაწყების პირველივე დღეებში, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. კიევიდან გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მთავრობის წევრები „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის“ მოხდენას ცდილობენ.
მმართველმა გუნდმა უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მთავრობის წევრები საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების მცდელობაშიც დაადანაშაულა.
ასევე წაიკითხეთ:
- CRRC: საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მხრიდან უკრაინის მეტი მხარდაჭერა სურს
- კიევის თქმით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება
- საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)