ცენზურაზე „პირველი არხიდან“ წამოსული კიდევ ერთი ჟურნალისტი საუბრობს
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ 2 მაისს ყოველკვირეული გადაცემა „ახალი კვირის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ დატოვა. მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თუთბერიძემ ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურის მცდელობებზე ისაუბრა.
თუთბერიძემ წამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად მაუწყებელში ბოლო დროს არსებული „ტოქსიკური გარემო“ და მის მიმართ ორი თანამშრომლის მხრიდან „ცილისწამება“ და „შეურაცხყოფა“ დაასახელა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ არხიდან წამოსვლა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა, მაშინდელი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის წნეხის გამო.
ცენზურის მცდელობები
თუთბერიძის თქმით, 2017 წლის დასაწყისიდან 2018 წლის ბოლომდე მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ ისე იმუშავა, რომ მის პროფესიულ საქმიანობაში არავინ ჩარეულა, თუმცა, 2019 წელს, მას შემდეგ, რაც მან „ახალი კვირაში“ გადაინაცვლა, „ნელ-ნელა დაიწყო ზეწოლა“.
„თუმცა მსმენია, რომ მანამდეც, არჩევნების დროს იყო ჟურნალისტებზე ზეწოლა“, – დასძინა მან.
თუთბერიძის განმარტებით, „ამ კონტროლის სისტემის ავტორი“ ვასილ მაღლაფერიძე, ხოლო შემსრულებელი გადაცემის მთავარი პროდიუსერი, ეკა შონია იყო, რომელსაც პირადი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით „არაერთხელ მოუცია უცნაური შინაარსის შენიშვნა“.
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
- პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2 წევრი დაამტკიცა
მაგალითისთვის თუთბერიძემ თქვა, რომ ლგბტ უფლებების შესახებ სიუჟეტის მომზადება ვერც 2019 და ვერც 2020 წლის 17 მაისს შეძლეს, რადგანაც ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ ეს „პროპაგანდად“ ჩაითვლებოდა. „ამის გამო ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტები ღიად გამოხატავდნენ აღშფოთებას“.
ცენზურის მცდელობის კიდევ ერთ მაგალითად მან ვასილ მაღლაფერიძის მიერ 2020 წლის 9 მაისისთვის საბჭოთა ჯარის მიერ ცენტრალურ ევროპასა და ბერლინში ჩადენილი დანაშაულების შესახებ სიუჟეტის დაბლოკვა დაასახელა.
„ეს იყო პირველი შემთხვევა უშუალოდ ჩემთან დაკავშირებით, როცა დირექტორი გადაცემაში პირადად ჩაერია“, – თქვა თუთბერიძემ.
თუთბერიძის თქმით, თათბირზე მაშინდელი გენერალური დირექტორი ამტკიცებდა, რომ „ამ თემით საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემა შეექმნებოდა“ და რომ „მსგავსი ნარატივი ყოვლად მიუღებელია“.
მიუხედავად ცენზურის მცდელობებისა, თუთბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახალ კვირაში“ რამდენიმე კრიტიკული სიუჟეტი გავიდა, მათ შორის, სუს-ის სავარაუდო ჩანაწერების სკანდალზე, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებებრივ მდგომარეობაზე [და] ქართული ოცნების „ბუნდოვან საგარეო კურსზე“.
„ყოველთვის თუ არა, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტი მაინც აღწევდა თავისას“, – ხაზი გაუსვა მან.
Facebook-ის სტატუსებისა და კომენტარების კონტროლი
ქეთი თუთბერიძის თქმით, კონტროლდებოდა Facebook-ზე მისი აქტივობები და მას ვასილ მაღლაფერიძის გადადგომამდე „100 ყური და 100 თვალი“ აკვირდებოდა.
თუთბერიძის განმარტებით, თუმცაღა მას „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ განცხადება Facebook-ზე არასდროს დაუწერია და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ გამოუხატავს სიმპათია, „როგორც ჩანს, რაღაცები აშკარად არ მოსწონდათ და ამას თავისუფალი აზრის გამოხატვად კი არა, მიკერძოებად აფასებდნენ“.
ამის ერთ-ერთ მაგალითად, მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნიკა ლალიაშვილის ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე თავისი „ირონიული პოსტი“ გაიხსენა, სადაც ე.წ. „ჰარდ-თოქის“ მნიშვნელობა განმარტა.
„ამაზე ეკა შონია აღშფოთდა. მომწერა, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა შენი სტატუსი და წაშალეო. თუმცა, არ წამიშლია“, – თქვა მან.
თუთბერიძემ გაიხსენა, რომ „საკმაოდ უხეში ფორმებით“ მიიღო შენიშვნა, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ინტერნეტგამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთი სტატია გააზიარა.
„ეკა შონიამ თათბირზე მითხრა, „ყელშია ამოსული შენი სტატუსები და ჩერგოლეიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში რამ [მოგანიშნინაო]“. თუმცა, სტატუსი არც მაშინ წამიშლია“, – უთხრა მან „მედიაჩეკერს“.
თუთბერიძის თქმით, ვასილ მაღლაფერიძე საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მისმა პოსტმაც აღაშფოთა. „დამირეკა ეკა შონიამ, ძალიან აღელვებული მომეჩვენა. მითხრა, ვასიკომ [მაღლაფერიძემ] დამირეკა და გაგიჟდა შენი სტატუსის გამოო“.
https://www.facebook.com/katie.tutberidze/posts/4033445710014020
რესპონდენტთა შერჩევის კონტროლი
ქეთი თუთბერიძის თქმით, „მკაცრად აკონტროლებდნენ რესპონდენტების სიას[აც]“ და ამოწმებდნენ რომელიმე მათგანს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ „რამე ცუდი“ ხომ არ ჰქონდა ნათქვამი.
მანვე ისიც განმარტა, რომ ეს არ იყო რამე წინასწარ გამზადებული სია, თუ ვინ უნდა ჩაეწერათ და ვინ არა. „ეს იყო ზეპირსიტყვიერი რეგულაციასავით და რესპონდენტების დაბლოკვის მთავარ კრიტერიუმად პირველი არხის მიმართ ამ ადამიანების განწყობა განიხილებოდა“.
„[ისინი] პერიოდულად იბლოკებოდნენ. [თუმცა], ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვწერდით ხოლმე [მათთან] ინტერვიუებს“, – აღნიშნა თუთბერიძემ.
მისი თქმით, ეს ძირითადად ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორს ეხებოდა და არა პოლიტიკოსებს. „მსგავსი ტაქტიკა ყველაზე აქტუალური 2019-2020 წლებში იყო“.
ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდგომი პერიოდი
ქეთი თუთბერიძის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ მისი წამოსვლის დაყოვნების ერთ-ერთი მიზეზი ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა და მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე თინათინ ბერძენიშვილის არჩევა იყო.
„ჩემთვის იგი, თავისი ღირებულებათა სისტემით, ძალიან მისაღები დირექტორი იყო“, – თქვა მან და დასძინა, რომ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ მისგან დამოუკიდებლობის გარანტიები მიიღო. ამასთან, ბერძენიშვილი მას დაჰპირდა, რომ „გადაცემაში დაბრუნდებოდა მანამდე, წელიწადნახევრის განმავლობაში შეზღუდული პოლიტიკური თემები“. „ასეც მოხდა“, -დასძინა მან.
„მედიაჩეკერის“ კითხვაზე, იყო თუ არა ცენზურის მცდელობები თინათინ ბერძენიშვილის დირექტორობის დროს, თუთბერიძემ უპასუხა: „სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო ზეწოლა, ჩვენზე „აზრის პოლიციის“ წნეხი და სისტემური ცენზურა ნამდვილად არ ყოფილა“.
„თუმცა ამა თუ იმ სიუჟეტის იდეაზე არაერთხელ მომისმენია ფრაზა – „ამას არ გაგვაკეთებინებენ“ – ან შევსწრებივარ თემის შერბილების მცდელობას, თუ რაღაც ძალიან მწვავე პოლიტიკურ თემას მოიტანდა ვინმე“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტები სასამართლოს მიმართავენ
- ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)