ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 25-ე ანგარიში გამოაქვეყნა
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოსცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, კვლავ რჩებოდა წუხილები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე, ასევე სიცოცხლის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწეოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მათ შორის, ფინანსური დახმარებისა და საკვების უზრუნველყოფის გზით.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად შეზღუდული წვდომისა, საქართველოს მთავრობაც ახორციელებს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროგრამას, მატერიალურ დახმარებას და საინფორმაციო სამედიცინო კამპანიებს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსაც შესთავაზა დახმარება, თუმცა ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ ეს შეთავაზება არ მიიღო.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მისიით მხოლოდ წითელი ჯვრის კომიტეტია დაკავებული. ამასთან, წითელი ჯვრის კომიტეტი აგრძელებს მუშაობას შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენასა და მათი ოჯახების დახმარებაზე.
დოკუმენტის მიხედვით, პროგრესი არ შეიმჩნევა არც აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე.
სიტუაცია აფხაზეთში
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, „სტაბილური ტემპით“ კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი. ასევე ანგარიშში მოყვანილია საქართველოს ხელისუფლების მონაცემები, რომელთა თანახმადაც, 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად 16 პირი დააკავეს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები საანგარიშო პერიოდში შეჩერებული იყო.
ანგარიშის თანახმად, დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები კვლავ უარყოფით გავლენას ახდენდა ოკუპირებული გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ მოსახლეობაზე. ამასთან, 2022 წლის იანვარში დოკუმენტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა შემდგომი გავლენა მოახდინა იმ ადამიანების თავისუფლებებზე, რომლებიც ცდილობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას.
რაც შეეხება განათლებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ სკოლებში მშობლიური ქართული ენის სწავლების საათების კლების ტენდენცია 2021 წლის სექტემბერში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად გაგრძელდა.
ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გალის რაიონის სკოლებში კვირაში ერთი საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო სხვა საგნები ძირითადად რუსულ ენაზე ისწავლება. დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალულია რაიონის როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში.
სიტუაცია ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეშფოთება გამოთქვეს მიმდინარე „ბორდერიზაციისა“ და გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვის ზეგავლენის თაობაზე.
დოკუმენტის მიხედვით, გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა წვდომაზე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის იანვრამდე პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად დააკავეს საქართველოს 44 მოქალაქე.
საანგარიშო პერიოდში, გამართულ IPRM-ის ორი შეხვედრის დროს, თანაფასილიტატორებმა დაკავების შემთხვევების ზრდისა და გამშვები პუნქტების დახურვის გავლენის შესახებ გამოთქვეს წუხილები.
ანგარიშის მიხედვით, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში „სიტუაცია კვლავ მოუგვარებელია და ხელს უწყობს დაძაბულობას“.
ევროპის საბჭოს დოკუმენტში ასევე ნახსენებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში სამი ყოფილი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე 2022 წლის 10 მარტს ორდერის გაცემის საკითხი.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 24-ე ანგარიში გამოაქვეყნა
- ევროკავშირის განცხადება საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს 24-ე ანგარიშზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)