ნატო საქართველოში „შეჩერებული“ რეფორმების გამო შეშფოთებულია
ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ხავიერ კოლომინამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ალიანსი შეშფოთებულია საქართველოში რეფორმების არასაკმარისად განხორციელების გამო.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისში, აპრილის ბოლოს, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ „მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან ღირებულ პარტნიორად განვიხილავთ და ძალიან კმაყოფილნი ვართ ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობითა და საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის დონით“, მოკავშირეებში არსებობს წუხილები რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით.
მანვე აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორის ნახვაც ალიანსს სურს.
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
- აშშ-ის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლით
ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ რეფორმები მრავალი ფორმით იყო მოთხოვნილი, და „ბოლოს, ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში აღვნიშნეთ 10 რეკომენდაცია. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორთან ზედამხედველობა“.
„ბოლო ერთ წელში, წელიწადნახევარში პროცესები გაჩერდა. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეებიც“, – განაცხადა მან.
კოლომინას თქმით, „ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რათა კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც საქართველოს რამდენიმე წლის – სამი წლის – წინ ჰქონდა“.
„პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის სასარგებლო, თქვენს შიდა პოლიტიკაში არსებული ატმოსფერო სარგებელს ვერ მოგიტანთ“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში დაეხმარონ
- საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2021 წლის ანგარიშში
- ნატოს მოკავშირეებმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს
- ნატო: რუსეთს მეზობლების კონტროლის უფლება არ აქვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)