საქართველოს ლიდერებმა და ვეტერანებმა II მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღნიშნეს
საქართველოს ლიდერები და II მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს.
წესისამებრ, ამ დღეს, ქართველი ლიდერები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თავდაპირველად თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავს ეწვივნენ, თუმცა პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ოფიციალური ნაწილი ვეტერანთა პარკში გადაიტანეს.
ვეტერანთა პარკში, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად გვირგვინით შეამკო საბჭოთა ქართველი ჯარისკაცის, მელიტონ ქანთარიას მემორიალი, რომელმაც 1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა.
„ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების.კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ ომში გამარჯვებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უდიდესი ნაწილი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს, საქართველო რუსეთის მსგავსად ამ დღეს 9 მაისს ზეიმობს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ისტორიკოსების ნაწილი ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა.
თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ინიციატივას ყური არ ათხოვა.
დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა თავი აარიდა ჟურნალისტების კითხვას ფაშიზმზე გამარჯვების 8 მასს აღნიშვნასთან დაკავშირებით.
„მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“, – თქვა მან.
ვეტერანების კომენტარები
მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომზე კომენტარები II მსოფლიო ომის ვეტერანებმაც გააკეთეს.
„უკრაინა გამარჯვებული იქნება, მჯერა, რომ გაიმარჯვებს… ვენდობი უკრაინელ ხალხს, გამარჯვებას ვუსურვებ. ჩემი ოცნებაა გამარჯვება უკრაინელი ხალხისა“, – უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ინტერნეტგამოცემა „ონ.ჯის“.
„უკრაინაში ვიყავი მე 1943-ში, ფრონტზე. ძალიან ტკბილი ხალხი, ძალიან მშრომელი ხალხი, ძალიან მოსიყვარულე ხალხი არიან და ახლა [ასეთ] მოსიყვარულე ხალხს დაესხა თავს გიჟი პუტინი და ხოცავს ასე უმოწყალოლდ“, – თქვა კიდევ ერთმა მათგანმა.
„გასასამართლებელი არის მაგი [პუტინი], როგორც ფაშისტები გაასამართლეს, ისე“, – დასძინა მან.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში II მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ჰყავს. წელს მთავრობამ მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად თითოეულ ვეტერანს ერთჯერადი დახმარების სახით სახით 1 000 ლარი გამოუყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 9 მაისთან დაკავშირებული პარალელური აქციები ვაკის პარკში
- პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომი „ქართველმა მოიგო“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)