თბილისი გმობს ცხინვალში ჩატარებულ „არჩევნებს“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური.

„მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საგარეო უწყებამ 9 მაისს.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი“.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“, – ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ ასევე მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართა, რომ „სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)