მთავრობა მიხეილ სააკაშვილს შემოწმებისთვის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე, „შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით“, საქართველოს მთავრობა მას გამოკვლევისთვის კერძო კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს, მისთვის დანიშნულ სრულფასოვან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, საკუთარი გადაწყვეტილებით შერჩევითად იღებს მედიკამენტებისა და საკვების გარკვეულ ნაწილს, რითაც „საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას“.
კონკრეტული დეტალების დაზუსტების გარეშე, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს „გარკვეული სამედიცინო პრობლემები აქვს“ და გამოკვლევების შემდეგ, თუკი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, მას სამკურნალოდ კლინიკაში დატოვებენ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე მისი თანაგუნდელებისა და ოჯახის მოთხოვნას, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება“. მანვე ისიც განმარტა, რომ ამ მოთხოვნის ადრესატი არც იუსტიციის სამინისტროა და სააკაშვილის თანაგუნდელებმა „უნდა იცოდნენ, თუ რა გზები არსებობს [ამისთვის] და ვის უნდა მიმართონ“.
ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობაში უცხოელი ექსპერტების ჩართვის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ბრეგაძემ თქვა, რომ „საქართველოში[ც] გვყავს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ექიმი“.
„საჭიროების შემთხვევაში, სხვა პროფილის ექიმის ჩართულობაზეც, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამის კლინიკა“, – დასძინა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს და პოლიტიკოსებს“ მოუწოდა, რომ „თავი დაანებონ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას“.
„მათ ინტერესებში ის კი არ შედის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური, არამედ ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოებრივი მღელვარება, რაც შემდგომში სურთ“, რომ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრის შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებას მოჰყვა.
ერთ-ერთი ბოლო, ვინც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის სათანადოდ მკურნალობისკენ მოუწოდა, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ იყო. მან 6 მაისს Twitter-ზე დაწერა, რომ შემაშფოთებელია ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „სახალხო დამცველის რეკომენდაციები ძალიან სერიოზულად მიიღოს“.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ცნობების გამო შეშფოთება გამოხატა ევროპის სახალხო პარტიამაც.
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა მომდევნო დღეებში, რადგანც დღეს იგი ოჯახის წევრებს ხვდება.
მანვე დააზუსტა, რომ მიხეილ სააკაშვილს „ვივამედში“ არა სამკურნალოდ, არამედ გამოკვლევებისთვის გადაყვანა შესთავაზეს.
კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღების შესახებ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ „თითქოს მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს“.
დეპუტატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საკვებსა და მედიკამენტებს განა არ, უბრალოდ ვერ იღებს, რაც „სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებით“ არის გამოწვეული.
მანვე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბადრაგის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მუდმივად აქვს 37.5 გრადუსამდე ტემპერატურა.
„გამოკვლევაზე კი არა, ეს ადამიანი არის სასწრაფოდ გადასაყვანი უცხოეთის კლინიკაში, სადაც არსებობს პრაქტიკა ასეთი დაავადებების მკურნალობის“, – აღნიშნა და კობა ნაყოფიამ და შესაძლო გართულებებზე სრული პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას დააკისრა.
კლინიკაში გადაყვანის შეთავაზებას ცოტა ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი „ვივამედში“ გადასვლაზე გარკვეული პირობებით არის თანახმა.
კერძოდ ყოფილი პრეზიდენტი დიაგნოსტიკის, დანიშნულების დადგენისა და მკურნალობის შემდგომი ეტაპების განსაზღვრაში პარიტეტის საფუძველზე ცენტრი „ემპათიისა“ და თანხმობის შემთხვევაში, ომბუდსმენის კონსილიუმის წევრების ჩართულობას ითხოვს.
აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებშია მასთან ოჯახის წევრების, მისი პირადი ექიმის, ნიკა ყიფშიძისა და „ემპათიის“ კომისიის წევრების „მუდმივი“ დაშვება. ასევე, სამუშაო საათებში, ადვოკატებისა და პარლამენტის წევრების შეშვება.
„როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე „ვივა მედში““, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე.
წინაისტორია
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ასევე წაიკითხეთ:
- ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის სათანადო მკურნალობა დაავალა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)