სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, დღეს კერძო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე, „შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით“, საქართველოს მთავრობამ 10 მაისს მას გამოკვლევისთვის „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა. სააკაშვილი შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები წამოაყენა.
ამ ეტაპისთვის უცნობია, დათანხმდა თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის პირობებს. თუმცა, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ ექსპრეზიდენტი „ულტიმატუმების“ გამო გააკრიტიკა და მას პირობების გარეშე სამედიცინო გამოკვლევებზე დათანხმებისკენ მოუწოდა.
ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა აპრილის ბოლოს, რომ იანვრის ვიზიტთან შედარებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს, რაც კუნთოვანი მასის ხარჯზე წონაში კლებას იწვევს.
ნოემბერში, სააკაშვილის რამდენიმე კვირიანი შიმშილობის დროს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ უარი თქვა სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იმ მოტივით, რომ მხარდამჭერები მას ნაკლებად დაცული სამოქალაქო საავადმყოფოდან გაიტაცებდნენ. მოგვიანებით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ასევე წაიკითხეთ:
- მხარდამჭერები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ხელისუფლება უარს ამბობს
- ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“
- მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)