აშშ-ის საელჩო კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას „ეჭვქვეშ აყენებს“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმეებზე სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას“.

„განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე ხაზგასმულია, რომ „თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით“.

საელჩოს შეფასებითვე, ოპოზიციაში მყოფი პირების წინააღმდეგ „შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ“.

„აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა საელჩომ.

მანვე აღნიშნა, რომ ის „მუდმივად“ მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას „არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“.

დღესვე დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ ოლბლესმა განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „გლობალური მედიათავისუფლების სადარაჯოზეა“. „თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, – დასძინა ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)