ირაკლი კობახიძე: ენმ, არასამთავრობოები და ნიკა გვარამია „ანტიევროკავშირია“

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „მთავარი არხის“ დაპატიმრებული დირექტორი, ნიკა გვარამია და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და „მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი“.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და „მისი პარტნიორები თუ ლობისტები“ ნიკა გვარამიას დაკავების გამო „ახალ ისტერიულ კამპანიას“ აწარმოებენ.

მისივე განმარტებით, ამ „ისტერიული კამპანიის“ მიზანი არის ის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერმა მფლობელმა ვერ ახლა დაიბრუნოს ის კუთვნილი 7 მლნ, რომელიც ტელევიზიამ ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს 2015 წელს გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებით მიიღო.

„ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია“, – თქვა მანვე და დასძინა, რომ „„ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს“.

„ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ“.

მანვე დასძინა, რომ „ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ“.

ქართული ოცნების თავმჯდომარე იმ ადამიანებსაც გამოეხმაურა, რომლებიც მისივე თქმით, „ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა“.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე პასუხი

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადებაც, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი“, ამ საერთო კამპანიაშია ჩართული.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადების უკან, შესაძლოა, იდგეს ის, რომ საელჩო „არასწორად არის ინფორმირებული“.

„კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს არის, რა თქმა უნდა, კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, – ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

„იგივე საელჩოების განცხადებებმა საშუალება მისცა [ნიკა] გვარამიას, [რომ] 2017-19 წლებში დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „დღესაც ვხედავთ იმავეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა“.


2017 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებით შეაჩერა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საკუთრების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელევიზიის დაბრუნებისთვის დავა 2015 წელს დაიწყო, წილების გადაფორმება 2019 წლამდე ვერ შეძლო.

2019 წლის ივლისში, სტრასბურგმა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ადგილობრივ დონზე, ტელევიზიის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

შედეგად, ქიბარ ხალვაშმა წილებიც იმავე დღეს გადაიფორმა და ტელევიზიის მაშინდელი დირექტორი, ნიკა გვარამიაც სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა.

არხიდან ნიკა გვარამიას წასვლის შემდეგ, ტელევიზია თანამშრომელთა თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. წასვლიდან დაახლოებით ერთ თვეში „რუსთავი 2-ელთა“ ნაწილმა გვარამიას ხელმძღვანელობით ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა.

2019 წლის აგვისტოში, გვარამიას პროკურატურამ „რუსთავი 2-ისთვის“ ზიანის მიყენების საქმეზე ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინა.

მას თბილისის საქალაქო სასამარლომ, გუშინ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე წაიკითეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)