ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ შვედეთის ყოფილი პრემიერი „კრიმინალია“
ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა, რომ შვედეთის ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი „კრიმინალია“.
ზარქუას ხისტი შეფასება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთაშორისო კრიტიკას მოჰყვა.
თუმცა, გაუგებარია, რატომ გახდა ირაკლი ზარქუას სამიზნე კარლ ბილდტი, რომელსაც ნიკა გვარამიას დაკავებაზე, სავარაუდოდ, კომენტარი არ გაუკეთებია. ბილდტი ამჟამად ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციის თანათავმჯდომარეა.
„ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც პარტნიორი არის [მიხეილ] სააკაშვილის და მისი პარტიის და რომელიც წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.
როგორც ჩანს, ზარქუას განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პათოსის, გაგრძელებაა, რომელმაც თქვა, რომ ნიკა გვარამის დაპატიმრებაზე „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე“ გაკეთებული კრიტიკული განცხადება „კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“.
შვედეთის ყოფილი ოფიციალური პირი, ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის გამო.
It’s indeed outrageous that @SaakashviliM is refused even the right to attend his own trial. Even the famous Moscow show trials in Stalin’s Soviet days didn’t go that far. https://t.co/LBfKTibDxO
— Carl Bildt (@carlbildt) November 10, 2021
მანამდე, 2014 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, კარლ ბილდტმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ თქვა, რომ „მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს“. საპასუხოდ, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გარკვეულწილად ესეც სასამართლო სისტემასა და მთლიანად პროცესზე ზეწოლა იყო.
კარლ ბილდტი 1991-1994 წლებში შვედეთის პრემიერმინისტრი იყო, 2006-2014 წლებში კი – საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა. მინისტრობის პერიოდში, შვედეთმა პოლონეთთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ინიციატივაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩადო.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის კარლ ბილდტს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ასევე წაიკითხეთ:
- Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ნიკა გვარამიას პატიმრობას გმობენ
- ევროპარლამენტარები: ნიკა გვარამიას დაპატიმრება „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)