ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეპ ბორელს და ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, ასევე თბილისსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა.
მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილეს.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერმინისტრს უთხრა, რომ ევროკავშირი მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან ურთიერთობები, რათა ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვოს.
„ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტიებს შორის თანამშრომლობისა და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც არის მთავარი საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად საჭირო გადამწყვეტ რეფორმებზე კონკრეტული და სწრაფი პროგრესის მისაღწევად“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ამავე განცხადებით, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში, სასამართლო რეფორმის განხორციელებასა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.
სამსახურის პრესრელიზის თანახმად, ზემოთხსენებული ძალისხმევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ჭრილში.
Discussed with @GharibashviliGe the challenges posed by Russian invasion of Ukraine and EU-Georgia agenda: we are keen to work together on joint European future & assist in advancing the needed reforms, especially judiciary.
Key to overcome polarization & unite political forces https://t.co/pQhX8i0poO pic.twitter.com/GMU2u4Qbzv
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 18, 2022
იმავე დღეს, 18 მაისს, საქართველოს პრემიერმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა განიხილეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა“.
თავის მხრივ, ევროკომისარმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროკავშირი კვლავაც ეხმარება საქართველოს, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზეგავლენას გაუმკლავდეს“.
ასევე წაიკითხეთ:
- ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა
- ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)