მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა 18 მაის, თბილისის ცენტრში „მთავარი არხის“ დაპატიმრებული დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საპროტესტო ბანერებით ხელში – „არა ცენზურას’, არა შერჩევით სამართალს“ – რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოფისთან, ჩუბინაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ გვარამია არ გათავისუფლდება, მეტი არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“, – თქვა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, „ეს მისი პრობლემაა“, თუმცა „ეს ქვეყანა ვერ დაწყნარდება, სანამ ამ ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი იქნება და თან ჩვენი კოლეგა [ნიკა გვარამია] იქნება ციხეში“.

„მას შეუძლია ეს უსამართლობა გამოასწროს“, – ხაზი გაუსვა ჯანგირაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ცხადია, „ის ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ საქართველო ერთი გიჟი ოლიგარქის ხელშია“, თუმცა „მისი შედეგები მაინც შეუძლია რაღაცნაირად შეარბილოს და ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გამოშვება იქნება ეს შედეგი და ეს შერბილება“.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და წამყვანმა, მიხეილ სესიაშვილმა მსვლელობისას აღნიშნა, რომ აქ საუბარი მხოლოდ ნიკა გვარამიას თავისუფლებაზე და მხოლოდ ერთი მედიასაშუალების არსებობაზე არ არის.

„ჩვენ ახლა საქმე გვაქვს ისეთ ფუნდამენტურ საკითხთან ექნება თუ არა ამ ქვეყანას მომავალი“, – უთხრა მან „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს და დასძინა, „[ამიტომ] არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტების საბრძოლო საკითხი იყოს“.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე 16 მაისს გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)