გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა
თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის საოკუპაციო ძალების მიწე საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დამნაშავეთა „კანონის სრული სიმკაცრით“ დასჯისთვის საქართველოს ხელისუფლება „ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს“ იყენებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია „საოკუპაციო რეჟიმის“ კიდევ ერთი მსხვერპლია.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად“, – დასძინა მან.
გიგა ოთხოზორია აფხაზმა სამხედრო მოსამსახურემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ აფხაზეთთან დამაკავშირებელ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლა, რომელიც ოკუპირებულ გალსა და მიმდებარე ზუგდიდის რაიონს აკავშირებს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის დეკემბერში რაშიდ კანჯი-ოღლის 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ორი წლის შემდეგ, 2018 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობამ ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია შეიმუშავა, რომელშიც ის 33 მსჯავრდებული და ბრალდებული პირი შეიყვანა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულნი.
სიაში ოთხოზორიას მკვლელის შეყვანა 2018 წელს რუსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოსთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) ფორმატში ყველა მოლაპარაკების შეჩერების მიზეზი გახდა. ფორმატი დღემდე არ აღდგენილა.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსი დიპლომატი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ჟენევის დისკუსიების შესახებ საუბრობს
- პრეზიდენტი: საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)