მედიასაშუალებები ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოხატავენ
დამოუკიდებელმა ინტერნეტგამოცემებმა – „პუბლიკამ“ და „ნეტგაზეთმა“, ასევე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა“, რომელიც ათობით რეგიონულ მედიასაშუალებას აერთიანებს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ ქმედება უწოდეს, რომელიც დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას საფრთხეს უქმნის.
„ნეტგაზეთმა“ და მისმა პარტნიორმა მედიასაშუალება „ბათუმელებმა“ გვარამიას დაპატიმრებას „განსაკუთრებით საგანგაშო“ უწოდა, რაც, მათი თქმით, არის „გაფრთხილება და მუქარა თითოეული იმ მედიისა და ჟურნალისტის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ხელისუფლების ცენზურას, კრიტიკულად აშუქებს მის საქმიანობას“.
„ნეტგაზეთის“ თქმით, გვარამიას დაპატიმრება არის „საშიში, ლოგიკური გაგრძელება იმ რეპრესიული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში მის კონტროლს მიღმა არსებული მედიის წინააღმდეგ ახორციელებს“.
რეპრესიული პოლიტიკის მაგალითად მედიასაშუალებამ დაასახელა 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა, რომლის შედეგადაც, 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს, ქართული ოცნების მიერ მედიის წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის „სულ უფრო ნაკლებად“ გაცემა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ღონისძიებაზე ჟურნალისტთა თავისუფალი დასწრების შეზღუდვა.
თავის მხრივ, „პუბლიკას“ სარედაქციო გუნდმა 18 მაისს განაცხადა, რომ „პროკურატურისა და სასამართლოს ქმედება ემსახურებოდა არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ პოლიტიკურ მოტივს და ეს მოტივი ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიის გაჩუმების მცდელობაა“.
„ხელისუფლება წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა გზაზე, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მედიასთან გამოცხადებული ბრძოლის ქრონიკა“, – განაცხადა „პუბლიკამ“.
საქართველოს „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა“, რომელიც 45 რეგიონულ მედიასაშუალებას აერთიანებს, ასევე დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვებელია.
- აშშ-ის საელჩო კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას „ეჭვქვეშ აყენებს“
- არასამთავრობოების თქმით, გვარამიას დაპატიმრება შერჩევითი სამართლებრივი დევნის მაგალითია
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე 16 მაისს გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თავად „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ჟურნალისტებმა 18 მაისს მისი მხარდამჭერი აქცია გაართეს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლა.
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ 180 ქვეყანას/ტერიტორიას შორის 2021 წელს არსებული მე-60-დან 2022 წელს 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)